ჩართულები ვრჩებით რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, თუმცა არ ვაპირებთ მსოფლიოს გარშემო ფრენას მოლაპარაკებებისთვის, ახლა ეს ორივე მხარის პასუხისმგებლობაა -ტემი ბრიუსი

ტემი ბრიუსი

ჩართულები დავრჩებით რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, თუმცა აღარ ვაპირებთ მსოფლიოს გარშემო ფრენას მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის, ახლა ეს ორივე მხარის პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადმინისტრაცია აკვირდება პუტინის ქმედებებს და არა – მის სიტყვებს. ამასთან, ბრიუსმა აღნიშნა, რომ დროა, კონფლიქტში ჩართულმა ორივე მხარემ წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები კონფლიქტის დასრულების შესახებ.

„სახელმწიფო მდივანმა ნათლად განაცხადა, რომ, მიუხედავად ჩვენი სტილის ცვლილებისა, წვლილის მეთოდოლოგია შეიცვლება და აღარ ვიქნებით შუამავლები. ცვლილებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კვლავ ჩართულები დავრჩებით სამშვიდობო მოლაპარაკებებში და დავეხმარებით ყველანაირად, თუმცა ჩვენ აღარ ვაპირებთ მსოფლიოს გარშემო ფრენას მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. ახლა ეს ორივე მხარის, უკრაინისა და რუსეთის პასუხისმგებლობაა და დადგა დრო, რომ მათ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი. ეს მათზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ტემი ბრიუსმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გარიგება ამყარებს ეკონომიკურ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უკრაინის აღდგენაში.

„ეს შესანიშნავი შეთანხმებაა. აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდი მოიცავს გაცილებით მეტს, ვიდრე მხოლოდ კრიტიკული მინერალების მოპოვებაა. როდესაც გყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შეერთებული შტატებია და როდესაც ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენს ქვეყანასთან, ეს ქმნის უფრო ძლიერ ეროვნულ უსაფრთხოებას ყველა მონაწილისთვის. ეს ურთიერთობა ამყარებს შეერთებული შტატების ვალდებულებას ამ ქვეყნის მიმართ“, – აღნიშნა ბრიუსმა.

ბრიუსის თქმით, გარიგებიდან მიღებული მოგება რეინვესტირდება უკრაინის აღდგენაში.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას, ბრიუსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ეს გააკეთოს.

„ვიცით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, ეს გააკეთოს. ცხადია, ჩვენ არ ვაუქმებთ ამჟამად არსებულ არცერთ სანქციას. პრეზიდენტს სურს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ, როგორც ერი, ვაკეთებთ, დიპლომატიის გზით გაკეთდეს. ამავდროულად, მას ესმის, რომ არსებობს კიდევ ერთი ნაწილი, მთელი მსოფლიო, რომელსაც გარკვეული ყურადღება სჭირდება“, – განაცხადა ტემი ბრიუსმა.