ხობში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - დაშავებულია მოზარდი
1746262721
თბილისის საქალაქო სასამართლომ ინტერპოლით ძებნილი და ქართველი სამართალდამცველების მიერ რუსთავში დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა დაასრულა - მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აზერბაიჯანის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
41 წლის კაცს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედება ბრალი. მას კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ინტერპოლი ეძებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ ჯავედ ხუდამოვი, 2022 წელს, საქართველოში თურქეთიდან, სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით, სხვისი პასპორტით შემოვიდა. დაცვის მხარე ხაზს უსვამს, რომ, საქართველოში ყოფნის 3 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის მოქალაქეს კანონი ერთხელაც არ დაურღვევია. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც - მისი თქმით, ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანების გაყიდვითაა დაკავებული.
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ჩაინიშნა წინასასამართლო სხდომა - პროცესი 24 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.
დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ხუდამოვი 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანდა.
"კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.