ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მკვლელობის შექების, გამართლების, ან აბუჩად აგდების ფაქტებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება

ჩარლი კირკი

ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო, პოლიცია ორ დღეზე მეტ ხანს ეძებდა. ის 22 წლის ტაილერ რობინსონია, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, კირკის ტრადიციულ შეხედულებებს არ იზიარებდა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. ინფორმაცია თავად დონალდ ტრამპმა, "ფოქს ნიუსის" პირდაპირი ეთერიდან გაავრცელა. მანამდე კი ამერიკის პრეზიდენტმა კონსერვატორი კომენტატორის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლის მკვლელობაში "მემარცხენე რადიკალები" დაადანაშაულა და განადგურებით დაემუქრა.

ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ჩარლი კირკს არც ის დამცინავი გამოხმაურებები დაუმსახურებია, რაც მის მკვლელობას მოჰყვა. თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ომის დეპარტამენტი ყველა მსგავს შემთხვევას ნულოვანი ტოლერანტობით მოეკიდება. მკვლელობის შექების, გამართლების, ან აბუჩად აგდების ფაქტებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს მოუწოდა, შესაბამისი ზომები მიიღონ ამერიკის ფარგლებს გარეთ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორების წინააღმდეგაც. მათ დეპორტაცია, ან ვიზებზე უარი დაემუქრებათ.

სახელმწიფო დეპარტამენტი, ყურადღებით აკვირდება ცინიკურ განცხადებებს, რაც საკმაოდ ბევრი გაკეთდა საქართველოშიც. ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციონერი აქტივისტების არაერთი გამოხმაურება. სოციალურ ქსელში ისინი წერდნენ, რომ ჩარლი კირკის კონსერვატიული პოლიტიკიდან გამომდინარე მისი მკვლელობა საზოგადოებას არ უნდა აღელვებდეს. "ლიბერალური ფაშიზმის მკაფიო გამოვლინება" - ასე აფასებს მესამე სექტორის წარმომადგენელთა დამცინავ პოსტებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განაგრძოს.

კირკის მკვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ტრაგედიის წინაპირობებზე, ზიზღისა და სიძულვილის შედეგებზე მიუთითა. სპიკერმა დაწერა, რომ ლიბერალურმა ფაშიზმმა დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა, რომელთა მოქმედებებიც ყოველდღიურად ჩანს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან სოციალურ ქსელში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და დამცინავ შეფასებებს დღეს საჯაროდ გაემიჯნნენ ოპოზიციური პარტიების წევრები.

კონსერვატორი აქტივისტის მკვლელობა, "ქართული ოცნების" შეფასებით აჩვენებს, რამდენად საშიში იდეოლოგიაა ლიბერალური ფაშიზმი, ფაქტის წამახალისებელი გამოხმაურებები კი მიუთითებს, რამდენად დიდია ექსტრემიზმის გაფართოების საფრთხე. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საელჩო მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული ყველა ასეთი კომენტარის შესახებ, რაც წესით უნდა დაგმონ საერთაშორისო პარტნიორებმაც.

31 წლის ჩარლი კირკი, რომელიც კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი იყო, არიზონაში გადაასვენეს. ის აქტიურად მონაწილეობდა დებატებში და მხარს უჭერდა ტრამპს. კირკს სტუდენტებთან შეხვედრისას, ზუსტად იმ დროს ესროლეს, როდესაც საზოგადოებაზე ლგბტ პროპაგანდის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობდა.