ბრალი, რომელსაც ჯუანშერ ბურჭულაძეს ხვალ ოფიციალურად გააცნობენ, უკავშირდება კორუფციულ გარიგებას, რის შედეგადაც ბიუჯეტს მილიონ 300 000 ლარზე მეტის ზიანი მიადგა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კორუფციასთან ბრძოლაში ხელისუფლება შეურიგებელი იქნება

ჯუანშერ ბურჭულაძე

ბრალი, რომელსაც ჯუანშერ ბურჭულაძეს ხვალ ოფიციალურად გააცნობენ, იმ კორუფციულ გარიგებას უკავშირდება, რის შედეგადაც ბიუჯეტს მილიონ 300 000 ლარზე მეტის ზიანი მიადგა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა ვერც შემოსავლების წარმომავლობას ასაბუთებს. ის პირველად ანტიკორუფციულ სამსახურში მას შემდეგ დაკითხეს, რაც ხელბორკილები დაადეს თავდაცვის სამინისტროს ორ ყოფილ მაღალჩინოსანს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას. გამოძიების ინფორმაციით, მაშინდელი მინისტრის ორგანიზებით და პირადი გამორჩენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის ფასი ხელოვნურად გაზარდეს და ორი მილიონ 606 000 ლარად ღირებული ტომოგრაფიის აპარატი, დაახლოებით ოთხ მილიონ ლარად იყიდეს. ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა ადვოკატმა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ბურჭულაძე დანაშაულს არ აღიარებს.

გამოძიების ინფორმაციით, კორუფციული გარიგებით მიღებული შემოსავლით ჯუანშერ ბურჭულაძემ ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 ათას ევროდ ღირებული საცხოვრებელი სახლი იყიდა. თანხის წარმომავლობის შესანიღბად კი ფიქტიურად გაასხვისა წყნეთში მისი მეუღლის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონება. სინამდვილეში კი, ნუშების დასახლებაში მდებარე ძვირადღირებული საცხოვრებელი ახლაც ბურჭულაძეების ფაქტობრივ მფლობელობაშია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, კლინიკაშიც სწორედ ამ მისამართიდან გადაიყვანეს.

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს წარსულში მწვავედ აკრიტიკებდნენ, დღეს მის დაკავებას ერთი რიგითი ადამიანის დაჭერად აფასებენ.

კორუფციული ბრალდებით ყოფილი თანაგუნდელის დაკავება სამწუხარო ფაქტია "ქართული ოცნებისთვის". პრემიერი ამბობს, რომ კორუფციასთან ბრძოლაში ხელისუფლება შეურიგებელი იქნება და საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვაში მხილებული ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბრალს სავარაუდოდ ხვალ კლინიკა "ჰელსიკორში" გააცნობენ. კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ჯუანშერ ბურჭულაძეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგივე სასჯელი ელის ბურჭულაძის ცოლისძმას და თავდაცვის სამინისტროს კიდევ ორ ყოფილ მაღალჩინოსანს.