1757707454
ხაბეიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება, რასაც სუს-ი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია - მმართველი გუნდისთვის კი დანაშაული, რომლის გაქარწყლებასაც ადვოკატები ცდილობენ, სამართლებრივი აბსურდია

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატისთვის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ლაშა ტყეშელაძის თქმით, ბრალდება, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხაბეიშვილს ედავება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს დაკავებულიც. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და ამავე პარტიის პოლიტსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ბრალდების ოფიციალურად წარდგენას სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში ელოდება. უწყების ანტიკორუფციული ბიუროს სააგენტოს ინფორმაციით, ხაბეიშვილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს სისტემატურად ჩადიოდა და 200 000 დოლარს ჰპირდებოდა იმ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, რომლებიც მის შეთავაზებას დათანხმდებოდნენ და კანონიერი ბრძანების შესრულებაზე უარს იტყოდნენ.
მმართველი გუნდისთვის დანაშაული, რომლის გაქარწყლებასაც ხაბეიშვილის ადვოკატები ცდილობენ, სამართლებრივი აბსურდია. სახელისუფლებო ძალაში განმარტავენ, რომ ქრთამის დაპირება ისეთივე დანაშაულია, როგორც მიცემა და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ფაქტი საჯარო იქნება, თუ ფარული, რადგან პირობის მიცემაც და მისი შესრულებაც დანაშაულად კვალიფიცირდება.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის დაკავება, ამავე პარტიის წევრებისთვის პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. დღეს დილიდან ხაბეიშვილის თანაპარტიელები ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს ფორმატში გამართეს შეხვედრა.
ლევან ხაბეიშვილის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივს მმართველი პარტიის ლიდერები გამორიცხავენ. კახა კალაძის განცხადებით, დანაშაული, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ედავებიან, ადრესატიც ჰყავს და მიზანიც გაცხადებულია. პრემიერ-მინისტრი კი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება და მართლმსაჯულება გასცემს.