1794323832
ბულგარული მედია: ვარნაში დემონსტრანტებმა ხილი, ბოსტნეული და კვერცხები დაუშინეს ურსულა ფონ დერ ლაიენისა და პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის კორტეჟს - აქციის მონაწილეების განცხადებით, ვარნასა და მთელ ბულგარეთს მშვიდობა სურს, ხოლო თავად ევროკომისიის პრეზიდენტი „ომის ელჩად“ იქცა
ვარნაში, ნიკოლა იონკოვ ვაპცაროვის სახელობის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის შენობასთან, პარტია „ვაზრაჟდანეს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა - უკმაყოფილება ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტს უკავშირდება, - წერს ბულგარული მედია.
დემონსტრაცია გაიმართა სლოგანით „ვარნას მშვიდობა სურს და არა ომი!“.
პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ბულგარეთი არ ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში და ევროკომისიის პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ დატოვოს ქვეყანა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა ხილი, ბოსტნეული და კვერცხები დაუშინეს ურსულა ფონ დერ ლაიენისა და პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის კორტეჟს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ვარნასა და მთელ ბულგარეთს მშვიდობა სურს, ხოლო თავად ევროკომისიის პრეზიდენტი „ომის ელჩად“ იქცა.
მათივე თქმით, ქვეყანამ აბსოლუტური ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს და სხვის ომში არ გაებას, პარალელურად კი მწვავე კრიტიკა დაიმსახურა როგორც ევროკავშირის ამჟამინდელმა პოლიტიკამ, ისე ქვეყანაში ევროს შემოღების იდეამ, რომლის ნაცვლადაც მოქალაქეები ბულგარული ლევის შენარჩუნებას ითხოვენ.
„37 წელია, ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. თავად ევროკავშირი ცუდი არ არის, მაგრამ იმ ქალბატონის მმართველობა, რომელიც ახლა აქ არის, მთელ ევროპას ანგრევს“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.








