ბრიტანული გამოცემა The Times: ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს

ტრამპი

ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს - ამის შესახებ წყაროებმა ბრიტანულ გამოცემა The Times-ს განუცხადეს.

ევროპელი მაღალჩინოსნები და პარლამენტართა ახალი ანგარიში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, აფრთხილებენ ევროპას, რომ ის მზად უნდა იყოს დამოუკიდებლად საბრძოლველად „უარესი სცენარის“ შემთხვევაში.

წყაროებმა გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ ტრამპმა შესაძლოა აღარ დაიცვას ნატოს წევრი ქვეყნები, თუ რუსეთი მათ ტერიტორიაზე თავდასხმას განახორციელებს.

ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა: „ევროპის უსაფრთხოების საკითხებიდან ამერიკელების გასვლა აღარ არის ყველაზე ცუდი სცენარი. ყველაზე ცუდი სცენარი ისაა, რომ ამერიკელებმა ზურგი აქციონ ევროპის უსაფრთხოებას და ჩვენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ“.

ისინი შიშობენ, რომ ეს შესაძლოა მოიცავდეს ტრამპის მცდელობას, „ჩვენს ზურგს უკან დადოს დიდი გარიგება რუსებთან - ისეთი რამ, რაც ხუთი-ექვსი წლის წინ შეუძლებლად ჩანდა“.

ბრიტანულმა სამხედრო წყარომ ასევე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ აშშ შესაძლოა აღარ აღმოჩნდეს მზად აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, თუ მასზე თავდასხმა განხორციელდება.

ეს ეჭვები იმავე დღეს გაჩნდა, როდესაც აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი ძირითადი რესურსების ახლო აღმოსავლეთისკენ გადამისამართება განიხილა.

პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს გამართულ კაბინეტის სხდომაზე მიანიშნა, რომ ამერიკა აღარ „იქნება გვერდით“ თავისი მოკავშირეებისთვის, რადგან ნატოს არ სურს დაეხმაროს ირანთან ომში.

ტრამპმა განაცხადა, რომ სანამ 28 თებერვალს ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ (Epic Fury) დაიწყებოდა, „ჩვენ ყოველთვის ნატოს გვერდით ვიქნებით“. მან განაგრძო: „ყოველ შემთხვევაში, ასე იყო. სიმართლე გითხრათ, ახლა აღარ ვიცი“.

წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ირანთან ომმა, შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს უკრაინის უნარზე, ებრძოლოს რუსეთს. აღნიშნული კონფლიქტი აშშ-ს უკვე ათეულობით მილიარდი დოლარი დაუჯდა და ის სწრაფად ფიტავს სამხედრო აღჭურვილობის მარაგებს.

ევროპელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები მძიმე სურათს ხატავენ და აცხადებენ, რომ კონტინენტის შიგნით ბზარები ჩნდება.

უკრაინის სამხედრო უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა: „სამწუხაროდ, ისე ჩანს, თითქოს პუტინი ტრამპისთვის უფრო დიდი მეგობარია“.