ბრიტანეთის მთავრობა: პოლიტიკაში გამჭვირვალობის რეფორმები მოიცავს ახალ მითითებებს - „იცნობდე შენს დონორს“ - ეს ზომები განამტკიცებს მთავრობის ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომას უცხოური ჩარევის მიმართ

ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა ახალი წესები, რომლებიც ასახულია „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტში, რათა უზრუნველყოს მეტი გამჭვირვალობა და უსაფრთხოება პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო.

„პოლიტიკაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვა იწყება პოლიტიკური ფინანსების რეფორმების ფართო პაკეტის მეშვეობით. ეს რეფორმები მოიცავს კომპანიების მიერ გაღებული შემოწირულობების გამკაცრებულ წესებს, ახალ სახელმძღვანელო მითითებებს - „იცნობდე შენს დონორს“ და უფრო მკაცრ მოთხოვნებს არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის“, - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ზომები განამტკიცებს მთავრობის „ნულოვანი ტოლერანტობის“ მიდგომას გაერთიანებული სამეფოს დემოკრატიაში უცხოური ჩარევის მიმართ.

„უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ საკუთარი ფინანსების გამოყენებას გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში ჩასარევად. ეს არის დემოკრატიული მონაწილეობის ბოლო თაობის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაფართოების ნაწილი, რომელიც ხორციელდება „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტის მეშვეობით - ეს დოკუმენტი პარლამენტს დღეს წარედგინა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიტიკური შემოწირულობების განმახორციელებელ კომპანიებს მოეთხოვებათ დაამტკიცონ გაერთიანებულ სამეფოსთან რეალური კავშირი. ეს გულისხმობს იმის დემონსტრირებას, რომ მათი სათავო ოფისი მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში, მათ უმრავლესობას ფლობენ ან აკონტროლებენ ბრიტანელი ამომრჩევლები ან მოქალაქეები და აქვთ საკმარისი შემოსავალი შემოწირულობის დასაფარად. ეს მიზნად ისახავს უცხოური აქტორების შესაძლებლობის აღკვეთას, გამოიყენონ ფიქტიური კომპანიები ბრიტანულ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად.