ბელგიის პრემიერ-მინისტრი სამეფო სასახლეში მივიდა, რათა ბიუჯეტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მეფე ფილიპეს თავისი მთავრობის გადადგომა შესთავაზოს

ბელგიის პრემიერ-მინისტრი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი სამეფო სასახლეში იმყოფება, რათა ბიუჯეტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მეფე ფილიპეს თავისი მთავრობის გადადგომა შესთავაზოს, – ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის საკვანძო მინისტრების ღამის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებები ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომლებიც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ევროკავშირის მიერ დაწესებული საბიუჯეტო შეზღუდვების დასაკმაყოფილებლად მთავრობამ 10 მილიარდი ევრო უნდა დაზოგოს. გასულ წელს ბელგიის ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5% შეადგინა, მაშინ როდესაც ევროპული წესებით დასაშვები მაქსიმალური მაჩვენებელი 3%-ია. ბელგიის სახელმწიფო ვალი 735 მილიარდ ევროს აღემატება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 110%-ზე მეტია. ევროკავშირის წესებით კი სახელმწიფო ვალის დასაშვები ზღვარი მშპ-ის 60%-ია.

შეთანხმების მიუღწევლობის გამო სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელგიას საკუთარი ვალის მომსახურებისთვის უფრო მეტი თანხის გადახდა უწევს. თუ მეფე მთავრობის გადადგომას მიიღებს, ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნება. თუმცა მეფეს ასევე შეუძლია, უარი თქვას გადადგომის მიღებაზე ან გადადგომის საკითხზე გადაწყვეტილება დროებით გადადოს.

✕