აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა მძიმე დანაშაულია

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა

უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა მძიმე დანაშაულია, – ამის შესახებ საკუთარ მოქალაქეებს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აფრთხილებს.

გენპროკურატურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უცხო ქვეყნებში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი, არამედ მძიმე, ზოგიერთ შემთხვევაში კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია და ისჯება გარკვეული ვადით. ქვეყნის საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცავი ორგანოების ბოლო გამოძიებებისა და მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად ირკვევა, რომ აზერბაიჯანის ზოგიერთი მოქალაქის მონაწილეობის შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში, ასევე, სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებშიც, რასაც მათივე ცნობით, სამხედრო მოქმედებებში მონაწილე ზოგიერთი მოქალაქე ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა ან ტყვედ აიყვანეს.

ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის გათვალისწინებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით, ნებისმიერი იდეოლოგიური, მატერიალური, პირადი ან სხვა ინტერესების მიუხედავად, ითვლება დანაშაულად.

მათივე ცნობით, შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ასეთ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში წინასწარი გამოძიება დასრულებულია და საქმეები შესაბამის სასამართლოებს განსახილველად გადაეცა, ხოლო დამნაშავედ ცნობილ პირებს გრძელვადიანი თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯათ, ზოგიერთ საქმეზე კი წინასწარი გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულთა კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს.

აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები იღებენ ყველა საჭირო ზომას უკანონო ქმედებების თავიდან ასაცილებლად, უკანონო ქმედებების ჩამდენი პირების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მოქალაქის ვალდებულებაა, დაიცვას საკუთარი სახელმწიფოს კანონები და სამშობლო. გენპროკურატურის განცხადებით, უკანონო საქმიანობისგან თავის შეკავება და ეროვნული ინტერესების დაცვა აზერბაიჯანის თითოეული მოქალაქის მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაა და არცერთი მატერიალური ინტერესი არ შეიძლება, იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მათი სიცოცხლე, თავისუფლება და მომავალი.