ბნელი ენერგია იცვლება - სამყაროს გაფართოების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა

გალაქტიკა

ახალი ასტრონომიული კვლევები მეცნიერებს ბნელი ენერგიის ბუნებაზე მნიშვნელოვან მინიშნებებს აძლევს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აქამდე მიღებულ წარმოდგენას სამყაროს დაჩქარებული გაფართოების შესახებ. თითქმის 27 წლის განმავლობაში ითვლებოდა, რომ სამყარო მუდმივად უფრო სწრაფად ფართოვდება და საბოლოოდ ცივ და ცარიელ დასასრულს მიაღწევდა. თუმცა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ეს სურათი შესაძლოა არასწორი იყოს.

ახალი კვლევის თანახმად, სამყაროს გაფართოება შესაძლოა უკვე შენელების ფაზაში იყოს. კვლევის ხელმძღვანელის განცხადებით, ბნელი ენერგია არ არის მუდმივი და დროთა განმავლობაში სუსტდება, რაც კოსმოლოგიაში ფუნდამენტურ ცვლილებებს ნიშნავს.

მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს Ia ტიპის სუპერნოვებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში „სტანდარტულ სანთლებად“ გამოიყენებოდა კოსმოსური დისტანციების გასაზომად. აქამდე ითვლებოდა, რომ მათი სიკაშკაშე მუდმივია, თუმცა 300 მასპინძელი გალაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ სუპერნოვების სიკაშკაშე დამოკიდებულია წინამორბედი ვარსკვლავების ასაკზე: ხანდაზმული ვარსკვლავები უფრო კაშკაშა აფეთქებებს წარმოქმნიან, ახალგაზრდები კი – შედარებით მკრთალს. ეს ნიშნავს, რომ სამყაროს აჩქარებული გაფართოების მტკიცებულება შესაძლოა ნაწილობრივ დაკვირვების მეთოდის ხარვეზის შედეგი იყოს.

მკვლევართა თქმით, საბოლოო პასუხი მომდევნო წლებში გახდება ცნობილი. გადამწყვეტი როლი შესაძლოა ჩილეში მდებარე ვერა რუბინის ობსერვატორიამ შეასრულოს, რომელიც უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ათიათასობით ახალ სუპერნოვას დააფიქსირებს. სწორედ ეს დაკვირვებები შეიძლება გახდეს გასაღები ერთ-ერთი უდიდესი კოსმოლოგიური კითხვისთვის – გააგრძელებს თუ არა სამყარო გაფართოებას, თუ მომავალში მას გრავიტაციული კოლაფსი, ე.წ. „დიდი კრიზისი“ ელოდება.