პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

პოლიციის სირენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. და 1969 წელს დაბადებული ს.კ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.