1782072928
ავსტრალიის ისტორიაში კოკაინის ყველაზე მსხვილი პარტია ამოიღეს
ავსტრალიის პოლიციამ დასავლეთ სიდნეიში, მიწისქვეშა ბუნკერების სისტემიდან, 2,7 ტონა კოკაინი ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში სამართალდამცველების მიერ ნაპოვნი ამ ნარკოტიკის ყველაზე მსხვილი პარტიაა.
ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა სავარაუდო შავი ბაზრის ღირებულება 816 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (500 მლნ ევრო) შეადგენს, ლონდონდერის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე იპოვეს. კოკაინი სამ საზღვაო კონტეინერში, ყალბი იატაკის ქვეშ მოწყობილ ფარულ განყოფილებებში იყო დამალული. შემთხვევის ადგილზე დააკავეს 21 და 25 წლის კაცები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციისგან გაქცევას ცდილობდნენ.
პოლიციაში ასევე განმარტეს, რომ ეს რეიდი სპეცოპერაცია „მინძიანგის“ ნაწილი იყო, რომელიც მაისში დაიწყო მას შემდეგ, რაც მიჯ-პოინტში, ნავმისადგომთან ახლოს, წყალში მოტივტივე 40 კგ კოკაინი იპოვეს.









