ავსტრალიაში, H5N1 ტიპის ფრინველის გრიპი ძუძუმწოვარს აღმოაჩნდა - ხელისუფლებამ ფაქტი დაადასტურა

ქათმის გრიპი

ავსტრალიამ დაადასტურა, რომ ძუძუმწოვრებში H5N1 ტიპის ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სასიკვდილო ვირუსი სამხრეთ ავსტრალიის შტატში, გრძელცხვირა ბეწვიან სელაპს აღმოაჩნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ივნისში, H5N1-ის გავრცელების შემდეგ, ავსტრალია მაღალი პათოგენურობის მქონე ფრინველის გრიპის მზარდ შემთხვევებს ებრძვის. ვირუსით, ზღვის ფრინველების მასობრივი დაღუპვის პირველი შემთხვევა მიმდინარე თვეში დაფიქსირდა, რაც ვირუსის აფეთქების გამწვავებაზე მიუთითებს. აფეთქება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვირუსი თავდაპირველად გადამფრენ ზღვის ფრინველებში გამოვლინდა და შემდეგ ადგილობრივ სახეობებზეც გავრცელდა.

სამხრეთ ავსტრალიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ძუძუმწოვარ ცხოველზე H5N1 ვირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და ის სელაპს გამოუვლინდა. სელაპი ზღვისპირა ქალაქ ბიჩპორტში აღმოაჩინეს, რომელიც შტატის დედაქალაქ ადელაიდიდან დაახლოებით 310 კილომეტრის მანძილზე, სამხრეთით მდებარეობს.

ხელისუფლების ცნობით, სელაპი, რომელიც შტატის წყლებში მცხოვრები დაახლოებით 100 000 სელაპიდან ერთ-ერთია, მკვდარი იპოვეს და მას დაზიანების ნიშნები არ ჰქონდა.