ავღანეთში ქორწინების ასაკი გოგოებისთვის 16-დან 9 წლამდე შემცირდა

თალიბანი

თალიბანის რეჟიმმა ბავშვთა ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. ახალი განკარგულებით, ქვეყანაში გოგოებისთვის ქორწინების მინიმალური ასაკობრივი ზღვარი გაუქმდა და ის პირდაპირ სქესობრივ მომწიფებას დაუკავშირდა. თუ გოგოებში სქესობრივი მომწიფება 8-დან 13 წლამდე ასაკში იწყება, ისლამური სამართლის სუნიტური სკოლის მიხედვით, სქესობრივი მომწიფების მინიმალურ ასაკად 9 წელია მიჩნეული.

წყაროების მიხედვით, კანონი უზენაესმა ლიდერმა, ჰიბათულა ახუნძადამ უკვე დაამტკიცა. 9 წლის გოგოების დაქორწინება უკვე ოფიციალურად ლეგალურად ითვლება.

ავღანეთის 1977 წლის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინების კანონიერი ასაკი გოგოებისთვის 16, ხოლო ბიჭებისთვის 18 წელი იყო. 16 წლამდე გოგოს დაქორწინება მხოლოდ მამის ან მოსამართლის ნებართვით შეეძლო. მოგვიანებით კი, 2009 წელს მიღებულმა ისტორიულმა კანონმა "ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ", 15 წლამდე ასაკის გოგოების ქორწინება კრიმინალად გამოაცხადა.

"ახალი კანონით აქამდე დაწესებული ასაკობრივი ზღვარი საერთოდ გაუქმდა", — ამბობს ჰორია მოსადიკი, ორგანიზაცია Conflict Analysis Network-ის დირექტორი, — "თუ გოგო სქესობრივ მომწიფებას 9 ან 10 წლის ასაკში მიაღწევს, ის უკვე ქორწინებისთვის შესაფერისად ითვლება".

საერთაშორისო ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს კანონი, ფაქტობრივად, ბავშვების გაუპატიურებასაც აკანონებს.