აშშ-მა ირანის საავტომობილო და სარკინიგზო სექტორებს დამატებითი სანქციები დაუწესა

ბბ

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლა გააძლიერა და ახალი სანქციები დაუწესა კომპანიებსა და ქსელებს, რომლებიც ირანის საავტომობილო, სარკინიგზო და მეტალურგიულ სექტორებში საქმიანობენ და ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მათი მიზანია ირანისთვის უკანონო შემოსავლების მიღების შესაძლებლობების შეზღუდვა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შეფერხება.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანის საავტომობილო და სარკინიგზო დარგები სექტორული სანქციების სიაშიც შეიყვანა, რაც ამ სფეროებში მოქმედი კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას იძლევა.

სანქციები შეეხო ირანის უმსხვილეს ავტომწარმოებლებს, მათ შორის Iran Khodro-სა და SAIPA-ს, რომლებიც ქვეყნის შიდა საავტომობილო ბაზრის 90%-ზე მეტს აკონტროლებენ. შეზღუდვები ასევე დაუწესდა ირანის სარკინიგზო კომპანიებსა და უცხოურ საწარმოებს, რომლებიც ირანის საავტომობილო ინდუსტრიას ნაწილებით ამარაგებენ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების სიაში მოხვდა ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გერმანიაში, თურქეთსა და ინდონეზიაში მოქმედი კომპანიებიც, რომლებიც ირანის მეტალურგიულ და სამრეწველო სექტორებთან თანამშრომლობენ.

✕