აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საფრანგეთში მემარჯვენე აქტივისტის მკვლელობის საქმეში ტერორიზმის ნიშნებზე მიუთითებს

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება მოკლული ფრანგი მემარჯვენე აქტივისტის საქმეს; უწყების მინიშნებით, მომხდარი შესაძლოა ტერორიზმად შეფასდეს - ამ კომენტარებმა, შესაძლოა, პარიზსა და ვაშინგტონს შორის ახალი დაძაბულობა გამოიწვიოს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters.

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უწყებამ გააფრთხილა საზოგადოება, რომ „ძალადობრივი რადიკალური მემარცხენეობა აღმავლობის გზაზეა“ და მას უნდა მოეპყრონ, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხეს.

„ჩვენ მოველით, რომ ძალადობის ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სარა როჯერსმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ისიც ყურადღებით ადევნებს თვალს ამ საქმეს.

„დემოკრატია ეფუძნება ფუნდამენტურ შეთანხმებას: თქვენ გაქვთ უფლება, საჯარო სივრცეში ნებისმიერი თვალსაზრისი გამოთქვათ და ამის გამო მოკვლის უფლება არავის აქვს. სწორედ ამიტომ ვუდგებით პოლიტიკურ ძალადობას - ტერორიზმს - ასეთი სიმკაცრით“, - დაწერა მან.

კვენტინ დერანკი გასულ შაბათს, ლიონში, ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფებს შორის მომხდარი ძალადობრივი შეტაკებების შედეგად გარდაიცვალა.

პროკურატურის განცხადებით, მკვლელობის მუხლით გამოძიება ექვსი პირის მიმართ მიმდინარეობს, ხოლო მემარცხენე რადიკალური პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (LFI) კანონმდებლის ყოფილ თანაშემწეს ბრალი წაქეზების გზით თანამონაწილეობაში ედება.