აშშ-ის კონგრესში უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმებას „გამოძალვა“ უწოდეს და დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინზე ზეწოლისკენ მოუწოდეს

გრეგორი მიქსი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, დემოკრატმა გრეგორი მიქსმა შეერთებული შტატებისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას გამოძალვა უწოდა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე დონალდ ტრამპს ნამდვილ დაბრკოლებაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ კონგრესმენის მიერ წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„დონალდ ტრამპის მიერ გამოძალვითი შეთანხმების ხელმოწერით, მაშინ როდესაც უკრაინა აგრძელებს რუსეთის უკანონო აგრესიისგან თავდაცვას, იმედი მაქვს, რომ ადმინისტრაცია ახლა შეძლებს ყურადღება გაამახვილოს მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ნამდვილ დაბრკოლებაზე: ვლადიმირ პუტინზე“, – განაცხადა მიქსმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ გამოავლინა მზადყოფნა მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებისთვის.

„ახლა დროა ტრამპმა მოახდინოს ზეწოლა პუტინზე იქ, სადაც ეს საჭიროა“, – განაცხადა მიქსმა.

მიქსმა აღნიშნა, რომ ტრამპმა უნდა ითანამშრომლოს კონგრესთან, რათა ზეწოლა მოახდინოს პუტინზე და მკაფიოდ განაცხადოს, რომ რუსეთი თუ არ იქნება მზად რეალური დათმობებისთვის და სამშვიდობო პროცესში მონაწილეობისთვის, აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მიიღებს სერიოზულ ზომებს.

„ეს მოიცავს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საომარი დანაშაულებისთვის, უკრაინის დამატებით მხარდაჭერას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას და უკრაინის აღდგენის დაფინანსებას რუსეთის გაყინული აქტივების ხარჯზე. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი აქამდე მხოლოდ სისუსტეს ავლენდა, სანაცვლოდ არაფერს იღებდა და ყურადღებას ამახვილებდა ზელენსკისა და უკრაინის შეტევაზე. არავისთვის არ არის სიახლე, რომ ვლადიმერ პუტინი ტირანია და მხოლოდ გადამწყვეტ ქმედებებზე უპასუხებს“, – წერს კონგრესმენი.

ცნობისთვის, აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ.