აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ

კონგრესი

 აშშ-ის კონგრესმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებისკენ. მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა შესაბამისი კანონპროექტი, პროცესს სენატიც შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

სენატში კანონპროექტი, რომელიც ცნობილია როგორც „ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის აქტი“ (Epstein Files Transparency Act), დაჩქარებული წესით განიხილეს.

სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გამოიყენა პროცედურული მექანიზმი - ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნა.

„ჩემი მოთხოვნა იძლევა გარანტიას, რომ სენატი დაუყოვნებლივ დაამტკიცებს „ეპშტეინის ფაილების გამჭვირვალობის აქტს“ ყოველგვარი დამატებითი მოქმედების გარეშე, როგორც კი ის წარმომადგენელთა პალატიდან გადმოგვეცემა. ჩვენ მივიღებთ პალატის კანონპროექტს ცვლილებების გარეშე, დაგვიანების გარეშე და საბოლოოდ დავასრულებთ ამ საქმეს“, - განაცხადა შუმერმა სენატის სხდომათა დარბაზში.

კანონპროექტი იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, 30 დღის ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს ეპშტეინისა და გისლეინ მაქსველის გამოძიებასთან და სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერი, დოკუმენტი და კომუნიკაცია.

გასაჯაროებას დაექვემდებარება: მაქსველთან დაკავშირებული მასალები, ფრენის ჟურნალები, სამგზავრო ჩანაწერები, ასევე გამოძიებაში მოხსენიებული პირები, მათ შორის, სახელისუფლებო პირები.

გამონაკლისები: დაშვებულია მსხვერპლთა პერსონალური ინფორმაციის ან მიმდინარე ფედერალური გამოძიებისთვის დამაზიანებელი მასალების დაფარვა.

კანონპროექტი ახლა ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.