1790884478
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები ირანის სარკინიგზო და საავტომობილო სექტორების მსხვილ კომპანიებს, ასევე ამ სფეროებში მოქმედ საერთაშორისო მომწოდებლებს შეეხო.
სანქციების სიაში მოხვდნენ Iran Khodro Company (IKCO) და SAIPA Iranian Automobile Manufacturing Company (SAIPA). აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს ორი კომპანია ირანის შიდა საავტომობილო ბაზრის 90%-ზე მეტს აკონტროლებს. ასევე სანქცირებულთა შორის არიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Islamic Republic of Iran Railway Company, რომელიც სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს, Raja Passenger Trains Company და Sherkat-E Rah Ahan-E Khamle-O-Naghle, იგივე Railway Transportation Company, რომელსაც უწყება ერთ-ერთ წამყვან კერძო სატვირთო სარკინიგზო კომპანიად მიიჩნევს.
„ეს ქმედება პირდაპირ იღებს მიზანში ირანის რეჟიმის მხარდამჭერებს და საფუძველს უყრის შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევას, საბოლოოდ შევამციროთ რეჟიმის შემოსავლები“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
სანქციები ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია, რომლის დაწყების შესახებაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 24 აგვისტოს გამოაცხადა.












