მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის ვინც ChatGPT-ის იყენებს
1788542426
ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ, - წერს Euronews-ის ფრანგულენოვანი გამოცემა.
„ჩვენი წინააღმდეგობის მიზეზები ჯადოსნურად არ გამქრალა“, - განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფი რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების იდეის გაცოცხლებას ცდილობს.
ევროკავშირში ამ აქტივების 210 მილიარდი ევროა განთავსებული, რომლის უდიდესი ნაწილი უშუალოდ ბრიუსელში მდებარე ფინანსურ დეპოზიტარში - Euroclear-ში ინახება.
ეს მგრძნობიარე საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე სამშაბათს განიხილეს. გასულ კვირას გაგზავნილი ერთობლივი წერილის კვალდაკვალ, პროცესს სათავეში შვედეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი და პოლონეთი ჩაუდგნენ. პოზიცია ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც გაიზიარეს.
თუმცა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ აღნიშნა, რომ დებატებს „მის კოლეგებში დიდი ენთუზიაზმი თუ ინტერესი არ გამოუწვევია“.
„ვეცადე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირებულიყო ბელგიის პოზიცია, რომელიც უკვე ერთი წელია უცვლელია. ამასობაში ჩვენი წინააღმდეგობის მიზეზები თავისით ხომ ვერ გაქრებოდა“, - აღნიშნა პრევომ Euronews-ისთვის მიწოდებულ კომენტარში, ირლანდიაში გამართული შეხვედრის დასრულებისას.
„ამ აქტივების ათვისება ისეთი მექანიზმით, რაც ფაქტობრივად კონფისკაციის ტოლფასია, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული“, - დასძინა მან.
ბელგია განაგრძობს იმ იდეის დაცვას, რომ ეს სუვერენული აქტივები ხელუხლებელი უნდა დარჩეს სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე, რათა გაძლიერდეს ბლოკის დიპლომატიური ბერკეტი.