ალბანეთში, აქციის მონაწილეებმა პრემიერის რეზიდენციას "მოლოტოვის კოქტეილები" და პიროტექნიკა ესროლეს - საპასუხოდ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

ალბანეთი

ალბანეთის დედაქალაქში, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ტირანას ქუჩებში დემონსტრანტები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდნენ და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილები" და პიროტექნიკა ისროლეს. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ალბანეთში პოლიტიკური ვითარება გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას მოადგილეს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წაუყენა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბელინდა ბალუკი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო ტენდერებში ერეოდა და გარკვეული კომპანიებს უპირატესობას ანიჭებდა.