1728499899
ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია უნდა შეწყდეს - ანტონიო გუტერეში
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დაგმო ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოება.
„ესკალაცია უნდა შეწყდეს. ჩვენ აბსოლუტურად გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
რამდენიმე წუთის წინ, ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ამჟამად ირანის მხრიდან ისრაელისთვის დამატებითი საფრთხე არ არის გამოვლენილი.
მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ თავშესაფრები ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.
გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ირანის კანონიერი, რაციონალური და ლეგიტიმური პასუხი სიონისტური რეჟიმის ტერორისტულ აქტებზე სათანადოდ განხორციელდა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.
„ცაჰალის“ სპიკერის თქმით, ირანის სარაკეტო თავდასხმას შედეგები მოჰყვება.