"ახლაც გრძელდება ჩვენი მომხრეების დაკავება. ბევრი უკვე დააკავეს. დღეს ჩანს, რომ ყველა საბრძოლო განწყობითაა და მნიშვნელოვანია ნამდვილი ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევა" - სამველ კარაპეტიანი სომხეთის არჩევნებზე

სამველ კარაპეტიანი

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 11:00 საათის მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 362 657-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14,48%-ია.

სომხეთში არჩევნები დაკავებებისა და ჩხრეკების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლების მხრიდან მათი მხარდამჭერების დაკავებები გრძელდება, თუმცა ეს ოპოზიციის საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

სამველ კარაპეტიანის თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს დაბალანსებულ ურთიერთობებს როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან.

 

"ახლაც გრძელდება ჩვენი მომხრეების დაკავება. ძალიან ბევრი უკვე დააკავეს, მაგრამ ეს ჩვენ არ შეგვაშინებს. ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში რაც შეიძლება მოხდეს, არც კი მინდა წარმოვიდგინო. დღეს ჩანს, რომ ყველა საბრძოლო განწყობითაა და ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილი ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევა. საბოლოოდ უნდა შევძლოთ და თავად გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვერ ვიტყვით მხოლოდ რუსეთთან გვექნება კარგი ურთიერთობა, თუ მხოლოდ ამერიკასთან, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ბალანსი აუცილებლად იქნება. გვსურს კარგი ურთიერთობები ყველასთან, მათ შორის, ამერიკასა და რუსეთთან", - აცხადებს ოპოზიციის ლიდერი სამველ კარაპეტიანი.

ცნობისთვის, არჩევნებში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი და მისი პარტია. ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის "ძლიერი სომხეთის" წარმომადგენელი, სამველ კარაპეტიანი, რომელსაც შინა პატიმრობა აქვს მისჯილი, "სომხეთის ალიანსი" და მისი ლიდერი, ასევე სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და გაგიკ წარუკიანის "სომხეთის კეთილდღეობა".

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაკავებულია ერევნის ყოფილი მერი და ყოფილი მინისტრი, გაგიკ ბეგლარიანი, რომელიც ბრალდებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა ოპოზიციური პარტიის, "ძლიერი სომხეთის" დეპუტატობის ექვსი კანდიდატი. უსაფრთხოების სამსახური დილიდან ჩხრეკას ატარებს "ძლიერი სომხეთის" შტაბ-ბინასა და ადამიანის უფლებათა დამცველ კარაპეტ პოღოსიანის ბინაშიც.

დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანიც. ძირითადი ბრალდება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას უკავშირდება. ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ სომხეთის ქალაქ გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაპატიმრებები დაიწყო.

სულ სომხეთში დაკავებულია ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული 100-მდე პირი.