ახალი იმედი ალცჰაიმერის მკურნალობაში! - 80 წლის ქალს მეტყველებისა და ყოველდღიური ფუნქციების შესამჩნევი გაუმჯობესება აღენიშნა

ალცჰაიმერი

80 წლის ქალს, რომელსაც ალცჰაიმერის დიაგნოზი 10 წლის წინ დაუსვეს, ფსილოციბინის მიღების შემდეგ მეტყველებისა და ყოველდღიური ფუნქციების შესამჩნევი გაუმჯობესება აღენიშნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ალცჰაიმერის დაავადებას, რომლითაც მილიონობით ადამიანი იტანჯება,  დროთა განმავლობაში მეხსიერების, აზროვნების უნარისა და ყოველდღიური, ელემენტარული საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობას აქვეითებს. 

ფსილოციბინი, რომელიც ჰალუცინოგენური სოკოების მთავარი ფსიქოდელიური კომპონენტია, უკვე განიხილება, როგორც დეპრესიის, შფოთვის, დამოკიდებულებებისა და PTSD-ის მკურნალობის პერსპექტიული საშუალება. ახალი კვლევები კი მიუთითებს, რომ ის შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაშიც სასარგებლო აღმოჩნდეს.

თავდაპირველად პაციენტმა ფსილოციბინის შემცველი სოკოების 5-გრამიანი დოზა მიიღო. პირველ საათებში მას აღენიშნებოდა აგზნება, ინტენსიური ოფლიანობა და ხანგრძლივი ძილის მსგავსი მდგომარეობა. თუმცა, დაახლოებით 19 საათის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა - პაციენტმა გამართული წინადადებებით საუბარი დაიწყო და შეძლო ისეთი ცხოვრებისეული მოვლენების გახსენება, რომელთა სიტყვიერად გადმოცემაც წლების განმავლობაში აღარ შეეძლო.

დადებითი ცვლილებები მომდევნო დღეებსა და კვირებშიც გაგრძელდა. ქალს აღუდგა შარდის შეკავების უნარი, დამოუკიდებლად ჩაცმა შეძლო და მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა გარშემომყოფებთან ურთიერთობა. ის უფრო ადვილად ამყარებდა და ინარჩუნებდა თვალით კონტაქტს და გამართულადაც საუბრობდა. 

ერთი თვის შემდეგ ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მიღწეული პროგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შენარჩუნებული იყო. მოგვიანებით,  მას  ფსილოციბინის მეორე, 3-გრამიანი დოზა მისცეს, რამაც  პაციენტის მეტყველების, სიარულისა და იუმორის აღქმის უნარი საგრძნობლად გააუმჯობესა. 

 იმედის მომცემი შედეგების მიუხედავად , კვლევა მხოლოდ ერთ პაციენტზეა დაფუძნებული (case study), რის გამოც ფსილოციბინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასებისთვის ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევების ჩატარებაა საჭირო.