როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
წარმოიდგინეთ სცენა: დანაშაულის ადგილას, იატაკზე სისხლის გუბეს ხედავთ, მაგრამ გვამი გამქრალია. გამომძიებელი სისხლის ნიმუშს იღებს და ლაბორატორიაში აგზავნის. მალევე, ამ ნიმუშიდან, დნმ-ის ფენოტიპირების მეშვეობით, იმ ადამიანის სახეს ვიხილავთ, ვისაც შესწავლილი ნიმუში ეკუთვნოდა.
ალბათ იფიქრებთ, რომ ეს სცენა მხოლოდ რომელიმე სამეცნიერო ფანტასტიკაში თუ მოხდებოდა, მაგრამ საინტერესოა, რომ დნმ-ის საშუალებით ადამიანის სახის რეკონსტრუქცია უკვე რეალობაა, რომელიც კრიმინალურ გამოძიებებში აქტიურად გამოიყენება. დნმ-ის ფენოტიპირება, სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის ნიმუშებში აღმოჩენილი დნმ-ის საფუძველზე, ადამიანის სახის ნაკვთების აღდგენის საშუალებას გვაძლევს.
ჩვენი გარეგნობა მემკვიდრეობით მიღებული მახასიათებლებისა და გარემო პირობებით გამოწვეული ცვლილებების ერთობლიობაა. დნმ-ის ფენოტიპირებისას, მეცნიერები ნიმუშში არსებულ გენეტიკურ კოდს მისი მფლობელის ფიზიკური ნიშნების აღსადგენად იყენებენ.
პროცესი ნაპოვნი ნიმუშის დნმ-ის სეკვენირებით იწყება. მიღებული ინფორმაციიდან, სპეციალისტებს ისეთი მახასიათებლების განსაზღვრა შეუძლიათ, როგორებიცაა თმისა და თვალის ფერი, კანის ტონი, ჭორფლები, თმის სტრუქტურა და ზოგჯერ, მამაკაცებში თმის ცვენის დონეც კი. ამ შედეგისთვის, სპეციალური გენეტიკური მარკერები — ერთნუკლეოტიდური პოლიმორფიზმები (SNPs) გამოიყენება, რომლებიც გარკვეულ ფიზიკურ ნიშნებთანაა დაკავშირებული.
ეს მონაცემები რთული ალგორითმების მეშვეობით ერთიანდება და შედეგად, იმ ადამიანის ციფრულ "ფოტორობოტს" ვიღებთ, ვისაც ეს ნიმუში ეკუთვნოდა. ეს მეთოდი განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია გამოსადეგი, თუ ეჭვმიტანილი ან დაზარალებული პიროვნება გაუჩინარდა.
მიუხედავად მისი დიდი პოტენციალისა, დნმ-ის ფენოტიპირებას გარკვეული მინუსებიც აქვს. პირველ რიგში, ის ყოველთვის ზუსტ შედეგს არ იძლევა, რამაც შესაძლოა გამოძიება შეცდომაში შეიყვანოს. გარდა ამისა, ადამიანის გენეტიკური მახასიათებლების შეცვლა, პლასტიკური ოპერაციითა და სხვა კოსმეტიკური პროცედურებითაც შესაძლებელია, რასაც ასევე შეუძლია გამოძიებისთვის ხელის შეშლა.
ასევე, არსებობს ეთიკური საფრთხეებიც, რადგან ამ ტექნოლოგიამ, შესაძლოა, სამართალდამცავ ორგანოებში სტერეოტიპების გაძლიერებას შეუწყოს ხელი. როდესაც სამართალდამცავი ორგანოები პირის გარეგნობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ დნმ-ის საფუძველზე იღებენ (მაგალითად, კანის ფერი, თმის ფერი, წარმომავლობა), არსებობს რისკი, რომ ეს ინფორმაცია არასწორად ან მიკერძოებულად გამოიყენონ.
თუ ტექნოლოგია მიუთითებს, რომ ეჭვმიტანილი კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია, შესაძლოა ამან, იმ ჯგუფის ადამიანების არაპროპორციული შემოწმება ან ეჭვქვეშ დაყენება გამოიწვიოს, მიუხედავად სხვა მტკიცებულებების არარსებობისა. ეს ფაქტი სოციალური სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს და შეიძლება დისკრიმინაციის მიზეზიც გახდეს.
ამ ტექნოლოგიის გამოყენებით უკვე რამდენიმე გახმაურებული საქმე გაიხსნა. 2011 წელს კანდრა ოლსტონისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის საქმეში, ერთადერთი მტკიცებულება თითის ნახევრად სისხლიანი ანაბეჭდი იყო. 2015 წელს დნმ-ის ფენოტიპირების მეშვეობით, მეცნიერებმა ეჭვმიტანილის სახე აღადგინეს და 2017 წელს მკვლელის, კენეტ კანზატერ უმცროსის, დაკავებაც მოხერხდა.
დნმ-ის ფენოტიპირება არამარტო დამნაშავეების, არამედ უცნობი მსხვერპლების იდენტიფიცირებისასაც გამოსადეგია. 1985 წელს ნაპოვნი უცნობი ცხედრის ვინაობის დადგება მხოლოდ 2019 წელს მოხერხდა, როდესაც პოლიციამ დნმ-ის ფენოტიპირების გამოყენებით შექმნილი გამოსახულება გამოაქვეყნა.
დნმ-ის ფენოტიპირება მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიაა. ადრე, მისი მეშვეობით მხოლოდ თვალის, კანისა და თმის ფერის პროგნოზირება იყო შესაძლებელი, დღეს კი გაცილებით მეტი მახასიათებლის განსაზღვრა შეგვიძლია. მიმდინარეობს კვლევები, თუ როგორ შეიძლება ასაკის პროგნოზირება დანაშაულის ადგილიდან აღებული დნმ-ის საფუძველზე, მაგრამ ამ მიმართულებით, მკვლევრებს ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვთ.