ევროკომისია უარყოფს ვიქტორ ორბანის ბრალდებებს ბუდაპეშტში ჩატარებული პრაიდის ორგანიზებასთან დაკავშირებით

ევა ჰრნჩიროვა

ევროკომისია უარყოფს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ბრალდებებს ბუდაპეშტში ჩატარებული პრაიდის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის პრესმდივანმა, ევა ჰრნჩიროვამ განაცხადა, რომ ევროკომისია ყოველთვის დაიცავს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას.

„მოხარულები ვართ, რომ ბუდაპეშტის პრაიდი მშვიდობიანი იყო, როგორიც უნდა იყოს ყველა ასეთი მსვლელობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უნგრეთს და ყველა წევრი სახელმწიფოს ლგბტ+ თემებს“, – აღნიშნა ჰრნჩიროვამ.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირი „ამაზრზენი პრაიდის“ ორგანიზებაში დაადანაშაულა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრიუსელის მითითებით, პოლიტიკოსებმა თავიანთ ამომრჩევლებს ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდეს. ბუდაპეშტში პრაიდის მსვლელობა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო, რომელშიც დაახლოებით 100 000 ადამიანი მონაწილეობდა.