1795897646
ახალგაზრდებში ფუმფულა სათამაშო რობოტები სულ უფრო პოპულარული ხდება - სპეციალისტები ამ გატაცებას საგანგაშოს უწოდებენ
სულ უფრო მეტი ახალგაზრდაა გატაცებული ჭკვიანი ფუმფულა სათამაშო რობოტებით, რომლებსაც თან დაატარებენ რესტორნებში, კინოში, სამსახურში და სხვა ადგილებში. მეტიც, სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვას აგროვებს ვიდეოები, რომლებშიც ადამიანები თავიანთ ფუმფულა რობოტებზე ისე ზრუნავენ, თითქოს ისინი ნამდვილი შინაური ცხოველები ან საკუთარი შვილები იყვნენ, - წერს Index.
აღნიშნულია, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ეს ფუმფულა რობოტ-ცხოველები პატრონების ქცევას ეგუებიან, გამოსცემენ მშვიდ ხმებს, მოძრაობენ და შეხებაზე რეაგირებენ. ისინი სწორედ ახალგაზრდებში გახდნენ პოპულარული.
ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ვირუსული სათამაშო ახლა ფუმფულა რობოტი Moflin-ია, რომელიც კომპანია Casio-მ შექმნა. მას თან ახლავს აპლიკაცია, რომელიც პატრონთან ერთად გატარებული მომენტების დღიურს აწარმოებს, მათ შორის იმის შესახებ, თუ რამდენად გააბედნიერა ის თითოეულმა ჩახუტებამ ან მოფერებამ. მწარმოებლის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში უკვე ათი ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო იაპონელი მყიდველების თითქმის 45% მიიჩნევს, რომ რობოტისგან ნუგეში და სულიერი სიმშვიდე მიიღო.
არანაკლები პოპულარობით სარგებლობს რბილი სათამაშო Mirumi-ც, რომელსაც, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, საყვარლად ირწევა. მისი ჩანთაზე მიმაგრება შეიძლება, ხოლო ჩაშენებული სენსორების დახმარებით ის გარშემომყოფ ადამიანებს ამჩნევს და მათკენ თავს ატრიალებს.
გამოცემაში აღნიშნეს, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე ფუმფულა რობოტებით მასობრივი გატაცება ერთ საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს: სულ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობებსა და ოჯახის შექმნას ამგვარ სათამაშოებთან ურთიერთობას ამჯობინებს.
მარკეტინგული კომპანია Circana-ს მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში დიდ ბრიტანეთში მოზარდებსა და ზრდასრულებზე გაყიდული სათამაშოების ბრუნვა 22%-ით გაიზარდა და ეს ასაკობრივი ჯგუფი უკვე მთლიანი სათამაშოების ბაზრის დაახლოებით მესამედს შეადგენს. აშშ-ში ეს ტენდენცია კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რადგან სათამაშოების უდიდეს ნაწილს სწორედ ზრდასრულები ყიდულობენ.












