სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა თავში სიმსივნეზე მიანიშნებდეს
1791576039
ბრაზილიაში პოლიციამ 33 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბოლო თვეებში მომხდარ სულ მცირე 16 მკვლელობას უკავშირებენ. დაკავების მომენტში მამაკაცი ქალის კაბაში, პარიკითა და შეღებილი ფრჩხილებით იყო, მას ხელში ბავშვი ეჭირა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პოლიცია ეჭვმიტანილს 2 დღე ეძებდა, სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცი ტყიან ტერიტორიაზე იმალებოდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში რეგიონში მომხდარი 16 მკვლელობის საქმეში დაკავებულის წინააღმდეგ უკვე არსებობს მტკიცებულებები. პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მამაკაცმა დაკითხვისას დამატებით 11 მკვლელობაც აღიარა.
თუმცა გამოძიების ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი დეტალი თავად ეჭვმიტანილის განცხადებაა. პოლიციის ცნობით, მან დაკითხვისას თქვა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით 80 ადამიანი ჰყავს მოკლული. ამ რიცხვის სიმართლე ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის და სამართალდამცველები დამატებით საქმეებს ხელახლა იძიებენ.

მამაკაცი ასევე ამტკიცებს, რომ მისი მსხვერპლები კრიმინალურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული და რომ მკვლელობებს „პირადი ომის“ ფარგლებში ახორციელებდა. ის უარყოფს ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს, თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ მას კრიმინალურ ჯგუფთან კავშირი აქვს. ამ საკითხზე გამოძიება გრძელდება.
დაკავების მომენტში მამაკაცს შავი კაბა, გრძელი შავი პარიკი, ქალის ფეხსაცმელი და სათვალე ეკეთა. მას ხელში დაახლოებით ორი წლის ბავშვი ეჭირა. პოლიციის ინფორმაციით, ბავშვი მასთან ნათესაურ კავშირში არ იყო. ბავშვის იქ აღმოჩენის გარემოებებს სამართალდამცველები ცალკე იძიებენ.
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი ტყეში პატარა, დროებით მოწყობილ ბანაკებში იმალებოდა. გამომძიებლის განცხადებით, სწორედ ტყეში დამალვა ეხმარებოდა მას სამართალდამცველებისთვის თავის არიდებაში. ადგილობრივები მას მეტსახელად „კოღოს“ („Mosquito“) ეძახდნენ მისი გამხდარი აღნაგობის გამო.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციამ დანაშაულებს შორის კავშირის დადგენა მას შემდეგ შეძლო, რაც მამაკაცი საჯარო მოედანზე 18 წლის ახალგაზრდის მკვლელობასთან დააკავშირეს. მანამდე კი სამართალდამცველებმა მისი დაკავების კიდევ ერთი მცდელობა განახორციელეს, თუმცა ეჭვმიტანილმა გაქცევა შეძლო. პოლიციამ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ავტომატური იარაღები და 100-ზე მეტი ვაზნაც აღმოაჩინა.

ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული გამოძიების ნაწილი 16 მკვლელობას მოიცავს, ხოლო ეჭვმიტანილის მიერ ნახსენები დაახლოებით 80 მკვლელობა ჯერ მხოლოდ მისი განცხადებაა და დამატებით გადამოწმებას საჭიროებს. ბრაზილიის პოლიციამ განაცხადა, რომ რამდენიმე ძველი საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყება, რათა დადგინდეს, უკავშირდება თუ არა ისინი დაკავებულ მამაკაცს.