სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1784317315
აშშ-ის პენსილვანიის შტატში 5 წლის ბავშვი ქუჩაში სრულიად მარტო იპოვეს. საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ მცირეწლოვანი ბავშვი გზაზე შიშველი და მარტო გადაადგილდებოდა. ბიჭი მოქალაქეებმა შეამჩნიეს და სამართალდამცველების მისვლამდე მასთან დარჩნენ.
ბავშვი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციამ კი მალევე იპოვა სახლი, საიდანაც, მათი ინფორმაციით, ბავშვი გამოვიდა.
საცხოვრებელში შესულ სამართალდამცველებს მძიმე სურათი დახვდათ. პოლიციის განცხადებით, სახლი დიდი რაოდენობით ნაგვითა და ნივთებით იყო სავსე, ოთახებში გადაადგილება ჭირდა და ასობით ბუზი დაფრინავდა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოთახი, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, ბავშვის საძინებელი იყო. ოთახის შესასვლელში დამონტაჟებული იყო სპეციალურად გამაგრებული საბავშვო დამცავი ჭიშკარი, ხოლო მის ზემოთ ხის დაფები იყო დამაგრებული, რაც ბავშვის ოთახიდან გამოსვლას უშლიდა ხელს.
სამართალდამცველების ცნობით, ოთახში ანტისანიტარიული პირობები იყო - იატაკზე ნაგავი და საკვების ნარჩენები ეყარა, კედლებსა და ფანჯარაზე კი ფეკალური მასის კვალი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა განაცხადა, რომ ბავშვს საკვებს ზოგჯერ დამცავი ჭიშკრის გავლით აწვდიდნენ და შესაძლოა, ის კვირაზე მეტი ხნის განმავლობაშიც კი არ დაებანათ.
ბავშვის აღმოჩენის შემდეგ პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. მათ ბავშვის კეთილდღეობისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებული მძიმე ბრალდება წაუყენეს.