30-წლიანი საიდუმლო გახსნილია - ვინ დაგეგმა ლეგენდარული რეპერის, თუფაქ შაკურის მკვლელობა და რა სასჯელი მიიღო დამნაშავემ

თუფაქ შაკურის მკვლელო

ლეგენდარული ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. კრიმინალური დაჯგუფების ყოფილ ლიდერს, 63 წლის დუეინ „Keffe D“ დევისს, მკვლელობის ორგანიზებისთვის 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ეს საქმე თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გაუხსნელ მკვლელობად რჩებოდა და მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ ითვლებოდა.

ტრაგედია 1996 წლის 7 სექტემბერს, ლას-ვეგასში მოხდა. მაშინ 25 წლის თუფაქ შაკური ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც მას მოძრავი მანქანიდან ესროლეს. რეპერი რამდენიმე დღის შემდეგ, 13 სექტემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პროკურატურის მტკიცებით, თავდასხმის ორგანიზატორი დუეინ დევისი იყო. გამოძიების თანახმად, მან მკვლელობის გეგმა შეიმუშავა და იარაღი საკუთარ ძმისშვილს, ორლანდო ანდერსონს გადასცა, რომელმაც თუფაქის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ანდერსონი 1998 წელს, სხვა შეიარაღებული ინციდენტის დროს დაიღუპა.

საქმის გახსნაში მნიშვნელოვანი როლი თავად დევისის განცხადებებმა ითამაშა. მან 2008 წელს სამართალდამცველებთან დაკითხვისას მომხდარის შესახებ ისაუბრა, მოგვიანებით კი, ავტობიოგრაფიულ წიგნსა და ინტერვიუებში, მკვლელობასთან საკუთარი კავშირის შესახებ დეტალები გააჟღერა. ეს მასალები სასამართლო პროცესზე ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად იქცა.

დევისის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მისი განცხადებები გაზვიადებული და გამოგონილი იყო და წიგნის გაყიდვას ემსახურებოდა. მიუხედავად ამისა, ნაფიცმა მსაჯულებმა იგი დამნაშავედ ცნეს. დევისი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

✕