1784490990
136 მსხვერპლი ბავშვი და მილიონობით ფაილი - რა აღმოაჩინა პოლიციამ 35 წლის კაცის სახლში (უცხოეთი)
ავსტრალიაში ერთ-ერთი მასშტაბური გამოძიება გრძელდება - 35 წლის საბავშვო დაწესებულების ყოფილ თანამშრომელს, ჰემიშ ტეიტს, ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებული 329 ბრალდება აქვს წარდგენილი. გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ამ დროისთვის 136 სავარაუდო მსხვერპლია იდენტიფიცირებული, კიდევ 22 პირის ვინაობის დადგენა კი გრძელდება.
The Guardian-ის ინფორმაციით, გამოძიება 2009-2025 წლებს მოიცავს. ბრალდებულის საქმიანობა სხვადასხვა საგანმანათლებლო და ბავშვთა მოვლის დაწესებულებას უკავშირდება. პოლიციამ სპეციალური გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც იმ დაწესებულებების სია გამოქვეყნდა, სადაც მამაკაცი წლების განმავლობაში მუშაობდა ან იმყოფებოდა.
გამოძიების ცნობით, 35 წლის მამაკაცი 2025 წლის ივლისში დააკავეს. მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს, რომლებშიც, გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 2.5 მილიონი ფაილი აღმოჩნდა. მასალების შესწავლა და სავარაუდო მსხვერპლთა იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება.
ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები უკვე დაუკავშირდნენ 120-ზე მეტ ოჯახს ავსტრალიასა და მის ფარგლებს გარეთ. პოლიცია აცხადებს, რომ 136 ბავშვია იდენტიფიცირებული, რომლებიც, მათი მტკიცებით, საქმესთან დაკავშირებულ მასალებში ფიგურირებენ.
ტეიტს წარდგენილ ბრალდებებს შორის აქვს ბავშვებზე ძალადობის ამსახველი მასალის შექმნასთან დაკავშირებული 162 ეპიზოდი, პირის პირად გარემოში თანხმობის გარეშე გადაღების 81 ეპიზოდი და 14 წლამდე ბავშვის მსგავსი მასალის შესაქმნელად გამოყენებასთან დაკავშირებული 24 ეპიზოდი.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს ინფორმაცია ინტერნეტმომხმარებლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ბავშვებზე ძალადობის ამსახველ ფაილს ავრცელებდა. პოლიციამ ონლაინაქტივობა ბრალდებულს დაუკავშირა და 2025 წლის ივნისში სიდნეის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
საქმის მასშტაბების გამო პოლიციამ გამოაქვეყნა იმ 55 საგანმანათლებლო და ბავშვთა მოვლის დაწესებულების სია, სადაც ტეიტი 2009-2025 წლებში მუშაობდა ან იმყოფებოდა. სამართალდამცველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სიაში დაწესებულების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იქ დანაშაული მოხდა.
ავსტრალიის ფედერალური პოლიცია გამოძიებას აგრძელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდონ. პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, სავარაუდო მსხვერპლთა იდენტიფიცირების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.
ჰემიშ ტეიტი ამჟამად პატიმრობაში რჩება. მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია.







