ტკბილი საწამლავი – დანამატები და არომატები თამბაქოში, რომელიც ჯანმრთელობას ანგრევს

tambaqos danamatebi

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მიღებულ დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციაში, თამბაქოზე დამოკიდებულება შედის: თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ მენტალურ (ფსიქიკურ) და ქცევით აშლილობებში და მინიჭებული აქვს დაავადების კოდი F17 (ცხრილი 1.1)11.

პიროვნება განიხილება ნიკოტინზე დამოკიდებულად, როდესაც მას აქვს ქრონიკული მოხმარების ისტორია შემდეგი მახასიათებლებით: ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება, აგრძელებს ნივთიერების მიღებას, მიუხედავად მისი უარყოფითი შედეგებისა, მაღალი ტოლერანტობა სუბსტანციის მიმართ და გამოხატული აღკვეთის სიმპტომები როდესაც ცდილობს მოხმარების შეწყვეტას.

დამოკიდებულების სინდრომები მიუთითებს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ქცევითი და კოგნიტიური ფენომენის იმ კლასტერზე, რომელშიც პიროვნებისთვის ნივთიერების (ამ შემთხვევაში თამბაქოს) მოხმარება ხდება პრიორიტეტი, ამ დროს პიროვნებისთვის სხვა ქცევები ნაკლებად პრიორიტეტულია, რომელიც წარსულში მისთვის უფრო ღირებული იყო.

საზოგადოებაში გავრცელებულია მითი, რომ თამბაქოს დანამატები ნაკლებსაზიანოა ჯანმრთელობისთვის. თამბაქოს ბაზარზე შეხვდებით მრავალი სახის დანამატს, რომელთა ჩამონათვალი არც მეტი, არც ნაკლები თქვენც გაცდუნებთ. ​მაგალითად, ნესვის არომატი, პიტნა, ანანასი, კაკაო და ა.შ.

საინტერესოა, რეალურად რა დგას ამ დანამატების შექმნის უკან. პირველები ალბათ იტყვით, რომ დანამატიანი სიგარეტის სუნი არ აღიზიანებს გვერდით მყოფს, არ ტოვებს უსიამოვნო სუნს და ა.შ. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ არასრულწლოვნებში ასეთი სახის პროდუქტი ყველაზე მეტადაა პოპულარული.

რა დანამატებს და არომატიზატორებს იყენებენ თამბაქოს ნაწარმში

ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორი, კახა ღვინიანიძე განმარტავს, რომ ნიკოტინი და თამბაქოსგან გამოყოფილი კვამლი, თუკი მასში შერეული არ არის სხვა ნივთიერებები, საკმაოდ არასასიამოვნო გემოსი და სუნის არის.

მისი თქმით, თამბაქოს ინდუსტრია იყენებს ათასობით დანამატს და ათობით არომატიზატორს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დამალოს და მიანიჭოს პროდუქტს უფრო სასიამოვნო თვისებები, ამის ძირითადი მიზანი არის ყველა მომხმარებლის, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ახალდამწყები ადამინების ადვილად მიჩვევა ამ პროდუქტებზე.

ეს დანამატებია: შაქარი; კანფეტის არომატები; ტანინები; ამონიუმის მარილი; ტიტანის დიოქსიდი;​ პროპილენის გლიკოლი; ვიტამინები;​ ტაურინი, კოფეინი; მენთოლი; მიხაკი; დარიჩინი;​ ჯინჯერი; ვანილი; კაკაო; ხილის არომატები; ანისი; ალკოჰოლი.

„მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ მენთოლი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანამატი თამბაქოს პროდუქტში, რომელსაც აქვს გამაგრილებელი ეფექტი და ამავდროულად ის ბრონქების გამაფართოებელი ეფექტით გამოირჩევა. ის ამცირებს თამბაქოს კვამლით გაღიზიანების ეფექტს და ხველას თამბაქოს კვამლის შესუნთქვის დროს. სწორედ, ამიტომ ემატება მენთოლი თამბაქოს პროდუქტს, ეს განსაკუთრებულად იზიდავს მომხმარებლებს.

გარდა ამ მიმზიდველობისა, რისთვისაც უმატებენ თამბაქოს სხვადასხვა დანამატებს, ეს პროდუქტები დამატებით ავლენენ სხვა თვისებებს, კერძოდ, წვის შედეგად, ეს პროდუქტები გამოყოფენ სხვადასხვა ნივთიერებებს, რომელთა ნაწილი ხელს უწყობს ნიკოტინის სწრაფ შეწოვას და მის სწრაფ ათვისებას, რის გამოც ეს დანამატები ამ პროდუქტზე მიჯაჭვულობას უფრო სწრაფად ავითარებენ“,- ამბობს კახა ღვინიანიძე.

 

რა ფუნქცია და ეფექტი აქვს შაქარს თამბაქოში

1.კვამლის დარბილება და ადვილად შესუნთქვა

2.სასიამოვნო არომატი (კარამელი)

3.წვისას გამოჰყოფს აცეტილალდეჰიდს, ამცირებს მჟავიანობას და ზრდის ნიკოტინის შეწოვას

4.წვისას გამოჰყოფს ტოქსიკურ ალდეჰიდებს: ფორმალდეჰიდს, აცეტალდეჰიდს, პროპანალს, 2-ბუტენალს, 2-მეთილპროპენალს, მეთილბუტანალს, ფურფურალს, ბენზალდეჰიდს, მეთილფურფურალს, მეთოქსიბეზალდეჰიდს.

საგულისხმოა, რომ თამბაქოს კვამლი შეიცავს 7000-ზე მეტ ნივთიერებას, აქედან მ.შ. 150 ტოქსიურია, 70 კანცეროგენული.

ასობით დანამატი კი იწვევს თამბაქოს მიმართ მიმზიდველობას, მიჯაჭვულობასა და ტოქსიურობას. კვლევებით დადგენილია, რომ სიგარეტსა და თუთუნში საშუალოდ 75 დანამატია და ის შეადგენს პროდუქტის წონის 10-30%-ს. საჩილიმე თამბაქოში 5 დანამატია და ის საერთო წონის 75%-ს შეადგენს.

 

რაში გამოიხატება თამბაქოს ინდუსტრიის ამოცანა, როცა მიმზიდველობაზე ვსაუბრობთ:​

•შექმნას ან გაზარდოს „გასინჯვის სურვილი“

•წაახალისოს გასინჯვა/გამოცდა პროდუქტის ზომის, ფორმის, ფერის, არომატის გაახლებით/არჩევანით

•სენსორული თვისებების გაუმჯობესებით გახადოს მისაღები/სასიამოვნო ახალი მომხარებლისთვის

•პროდუქტის ნაირსახეობის შეთავაზებით მიიზიდოს მომხმარებელთა და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები (ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ კულუტურული კუთვნილების, სოციო-ეკონომიკური სტატუსის, ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულების და ა.შ. მიხედვით).

საშუალებები: დანამატები, მ.შ. არომატიზატორები, დამატენიანებლები, წებოვანი ნივთიერებები, ნიკოტინი, დიზაინი, წარდგენა, მარკეტინგი.

 

რა მარკეტინგული ხრიკია ჩადებული დანამატების შექმნაში?

ვიტამინი ან სხვა დანამატი, რომლებიც ქმნიან შთაბეჭდილებას თითქოს ეს პროდუქტი არის ნაკლები რისკის შემცველი ან აქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის.

აგალითად: შაქარი, კაკაო, ჯინჯერი და სხვადასხვა სანელებლები, თუკი ისინი დანიშნულებისამებრ იქნებოდნენ მოხმარებული, ისინი მავნე არ იქნებიან, მაგრამ როცა თამბაქოში იყენებენ მათ, უკვე სხვა პროცესებთან გვაქვს საქმე, კერძოდ, თამბაქოს ის პირველსაწყისი უხეში და არასასიამოვნო გემო და სუნი იკარგება, რაც ნიშნავს, რომ ტოქსიკური კვამლი ხდება უფრო კარგი მოსაწევი, რაც უარყოფითი მოვლენა არის. 

ასევე, ეს დანამატები აძლიერებენ ნარკოტიკულ ბუნებას და ამ პროდუქტების წვის შედეგად, გამოიყოფა დამატებითი ტოქსინები, რომელთა ნაწილი არის კანცეროგენული ეფექტის. თამბაქოს, რომელსაც ისედაც არ აკლია მავნე ნივთიერებები, კიდევ ემატება დანამატებისგან გამოყოფილი ტოქსინები“,- აღნიშნავს ღვინიანიძე.

ჯანმოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი დასძენს, რომ საქართველოსთვის თამბაქოს დანამატების რეგულირების საკითხი ახალი თემაა, თუმცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეს საკითხი რეგულირდება და ეს არომატიზატორები იკრძალება თამბაქოს, როგორც ე.წ. ტრადიციულ პროდუქტებში, ისე ახალ თამბაქოს ნაწარმში და ელექტრონულ სიგარეტში.

„ეს იმისთვის ხდება, რომ თამბაქო ნაკლებად მიმზიდველი, ნაკლებად ტოქსიკური და ნაკლებად ნარკოტიკული ბუნების იყოს. ცალსახაა, რომ თუ ამ პროდუქტების გამოყენება არ მოხდება თამბაქოს ნაწარმში, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირდება, სწორედ, ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ამ დარგის ექსპერტები ურჩევენ საქართველოს, რომ მოახდინოს თამბაქოს არომატიზარტორების აკრძალვა ან მკაცრი რეგულირება, რათა თამბაქოს მოხმარების კლება გაძლირდე“,- ამბობს კახა ღვინიანიძე.