1747516646
FDA-მ თმის ბუდობრივი ცვენის სამკურნალო პირველი ორალური ტაბლეტები დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა პრეპარატი, სახელად ბარიციტინიბი, რომელიც პირველი ორალური ტაბლეტია, თმის მწვავე ბუდობრივი ცვენის (ალოპეცია) სამკურნალოდ.
ცნობისთვის, ალოპეცია ავტოიმუნური აშლილობაა, რომელიც მხოლოდ აშშ-ში წელიწადში 300 000 ადამიანს ემართება.ბუდობრივი ალოპეცია იწვევს თმის ალაგ-ალაგ, ლაქების მსგავსად გაცვენას დროებით ან მუდმივად; ის შეიძლება განვითარდეს სხეულის თმით დაფარულ ნებისმიერ ადგილას და გამოიწვიოს ემოციური აშლილობა.
ბარიციტინიბი, რომელიც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly-მ შექმნა და ცნობილი სავაჭრო სახელით „ოლუმიანტი“, მიეკუთვნება პრეპარატთა კლასს, რომელსაც იანუს კინაზის ინჰიბიტორებს უწოდებენ. მუშაობს შემდეგი პრინციპით: ხელს უშლის იმ უჯრედულ გზებს, რომლებიც ანთებას განაპირობებენ.
ბუდობრივი ალოპეციის წინააღმდეგ მისი დამტკიცება ეფუძნება ორ რანდომიზებულ, კონტროლირებად კლინიკურ ცდას, რომლებშიც მწვავე ალოპეციის მქონე 1200 ადამიანი მონაწილეობდა.
თითოეულ ცდაში მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს: პლაცებოს ჯგუფად; ჯგუფად, რომელიც დღეში 2-მილიგრამიან დოზას იღებდა; და ჯგუფად, რომელსაც ყოველდღიურად 4-მილიგრამიან დოზას აძლევდნენ.
36 კვირის შემდეგ, მაღალი დოზის ჯგუფის წევრთა 40 პროცენტს ამოუვიდა გაცვენილი თმის 80 პროცენტი; დაბალი დოზის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 23 პროცენტი იყო, პლაცებოს ჯგუფში კი 5 პროცენტი.