„წერას ვერ ვაგრძელებდი, რადგან ღვთისმშობელს ვერაფერს ვადარებდი. დღეს დილით კი იდეა მომივიდა... გვითხრა და შავი ღვინის ბოთლი გახსნა...“ - გურამ დოჩანაშვილი 85 წლის გახდებოდა

gurami

 მესამე წელია 26 მარტი ჩვენი "დოჩანას" გარეშე გადის, უჩუმრად. თუმცა ხმაური სიცოცხლეშიც არ ჰყვარებია...

დღეს ჩვენი დროის დიდი კლასიკოსი 85 წლის გახდებოდა...

82 წელი კლინიკაში შეუსრულდა. 2 აპრილს მოძღვარმა აზიარა და რამდენიმე საათში (გულის უკმარისობით) აღესრულა.

პანთეონები და პომპეზურობა არასდროს ჰყვარებია. ამიტომ ანდერძის თანახმად, შვილის - 22 წლის ირაკლის გვერდით დაიკრძალა, რომლის გარდაცვალებამ მისი სიცოცხლე გააფერმკრთალა. კლასიკოსმა დიდი ტკივილი, მთელი ცხოვრება ჩუმად ატარა.

ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა. მეგობრებთან ერთად სადღაც აგარაკზე იყო, მოაჯირზე იჯდა და აივნიდან გადავარდა… ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ დიდი ხანი ვეღარ აგრძელებდა წერას. ხელი ჰქონდა ჩაქნეული.

ამ მოვლენამ ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა მწერალს, სრულად შეიცვალა როგორც მისი ცხოვრება, ასევე მწერლობაც. უმძიმესი დღეების გადატანაში სასულიერო პირები და ახლო მეგობრები დაეხმარნენ, რამაც ეკლესიასთან, ღმერთთან დააახლოვა. გადარჩენასა და უფლისადმი მიქცევას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უმადლოდა.

ნათელა სეფიაშვილი: – ეს ამბავი 7 აგვისტოს მოხდა. მე ამ თარიღს მივიჩნევ ირაკლის გარდაცვალების დღედ. გურამი კი თვლის, რომ 18 აგვისტოს გარდაიცვალა, როცა ის აპარატიდან გამორთეს. ეს იყო 1990 წელს. ირაკლი მაშინ 22 წლის იყო, 2 მეტრი სიმაღლის. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვიცოდი, რომ აღარ იცოცხლებდა.

ირაკლის გარდაცვალებამდე მე გახლდით ცუდად. ფაქტობრივად, მკვდარი ვიყავი და ირაკლი დარბოდა წამლებზე, სისხლზე. სიმსივნური წარმონაქმნი ამომაჭრეს მუცლიდან. ვფიქრობდი, რომ მივდიოდი ამ ქვეყნიდან და კმაყოფილი ვიყავი, რადგან ჩემს ორივე შვილს უმაღლესი დავამთავრებინე, გურამი მწერალი გახდა.

გურამ დოჩანაშვილი: - შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში ბატონი ნიკო ჭავჭავაძე, იცით, რა დროს მოდიოდა ხოლმე? - ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა. ბატონი რეზო ჩხეიძე კიდევ საღამოობით მოდიოდა და 6-დან 11 საათამდე ფეხზე იდგა. ამას განვიცდიდი და ორივეს ვეხვეწებოდი, რას არ ვეუბნებოდი, წაბრძანდით, ჩემი შვილი მაგლოვეთ-მეთქი, მაგრამ არაფრით მტოვებდნენ. ასეთები იყვნენ! მაშინდელი თანაგრძნობა და დღევანდელი რომ შევადარო, დღეს იმის ნატამალს ვერ ვხედავ.

ვერც იმას გაიგებ დღეს, ვინ ვისი მეგობარია. მხოლოდ დროებით შეეკვრებიან ერთმანეთს.

დღესაც რაიმე რომ გამიჭირდება, ფიქრებით სულ მათ ვეკითხები რჩევას და ვერ წარმოიდგენთ, რა სიმართლეს მეუბნებიან. აბა, არ ვიცი, დღეს ვისთან მივიდე. თქვენ გეკითხებით - დღეს ვინმე გეგულებათ ეგეთი? ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი! ეგეთი ძნელი დრო, რაც დღეს არის, არც მახსენდება.

***

თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გურამ დოჩანაშვილმა სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში გაატარა, სადაც ბოლო ორი წელი მეუღლესთან ერთად იცხოვრა.

მსახიობი ედმონდ მინაშვილი "პრაიმტაიმთან" კლასიკოსს იხსენებს:

"სამების ეზოში, უწმინდესმა, ღვაწლმოსილ ადამიანებს ლავრები გამოუყო, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და საჭიროებისამებრ, მკურნალობდნენ. ბატონმა რეზო ჩხეიძემ ფეხი რომ მოიტეხა, სარეაბილიტაციო პერიოდს იქ გადიოდა. მივედი და მოვინახულე. კარგად რომ ვისაუბრეთ, მითხრა: ჩემს გვერდით ლავრაში გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობს, გადავიდეთ, მოვინახულოთო. შევედით და წარუდგინა ჩემი თავი, ჩემი მოსწავლე - მსახიობი ედმონდიო.

ბატონმა გურამმა უთხრა: დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ორი კვირაა გაჩერებული ვიყავი, წერას ვერ ვაგრძელებდი. ღვთისმშობელი რაღაცისთვის უნდა შემედარებინა და ვერაფერს ვადარებ; მზე, მთვარე, ყველაფერი მებანალურაო. დღეს დილით კი მომივიდა იდეა და წერაც გავაგრძელეო, თქვა. რას შეადარეო, ჰკითხა ბატონმა რეზომ. დავწერე – "ღვთისმშობელი ლამაზი, როგორც თვითონ". ეს ფრაზა შევიდა მის ნაწარმოებში "ბრმად ყოფილი და…" ამის აღსანიშნავად შავი ღვინის ბოთლი გახსნა, შეივსო სამი ჭიქა და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც…

თავისი ცხოვრების დიდ ტკივილზე არასდროს საუბრობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ერთხელაც არაფერი დასცდენია. არასდროს არ აფიშირებდა ამ თემით. პირად ტრაგედიაზე არ დაგელაპარაკებოდა. ამ დიდი ტკივილით იცხოვრა" - გვიყვება მსახიობი.

თუმცა იყო ხალისიანი, სევდიან-იუმორიანი. ურთიერთობისას მის მიმართ საოცარი მოკრძალება გქონდა. ხომ თავმდაბალი იყო და მოკრძალებული, ამავდროულად ბუნებრივ დისტანცირებას ახდენდა საზოგადოებისგან. ჰქონდა საოცარი სიდიადე. ამ სიდიადეს კი არასდროს გაგრძნობინებდა, ამას თვითონ გრძნობდი მასთან ურთიერთობისას.

ედმონდ მინაშვილი: “სამოსელი პირველი”, ჩემი აზრით, ჩვენს ენაზე დაწერილი ბიბლიაა. გვასწავლის ამ წუთისოფელში როგორ უნდა ვიცხოვროთ. ამქვეყნიურ მატერიალურს არასდროს ჰქონია მისთვის რაიმე ფასი. მისთვის იყო მხოლოდ წიგნები, საბეჭდი მანქანა, ფურცლები, კალამი… და ადამიანები!

მის სახლში ვიყავი, ფოტოები გადავუღე მის ნივთებს, სამუშაო ოთახს და უნდა გითხრათ, იქ ისეთი სევდაა…

***

პანდემიისას მუხაწყაროში იყო, თავის აგარაკზე. ეთერ თათარაიძესთან ერთ-ერთ უკანასკნელ სატელეფონო საუბრისას უთქვამს, იცი, აქ რა კარგია, მხოლოდ შაშვები მოდიან და ისე საამურად გალობენო...

და იყო ასე, ბუნებაზე მიყურადებული და სმენად ქცეული, სულიერად განწმენდილი, მარადისობაში გადასასვლელად და შვილთან შესახვედრად გამზადებული. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"ღმერთმა არავის გამოაცდევინოს რა არის, ოცი წელი რომ დაუსრულებელ გადაბარგებაში ხარ. 12 მარტს კი ასეთი ლამაზი დღე გამითენა ღმერთმა" - ნუცა ჯანელიძე ნაჩუქარ ბინაზე გვიამბობს

"დედა რომ ჩემზე ფეხმძიმედ ყოფილა, მამას უთქვამს, მეტი შვილი არ გვინდაო. საშინელ თოვლჭყაპში, დედამ მარტომ გამაჩინა... არ გიყვარდი-მეთქი, მამას ვაჯავრებდი..." - ეთერ თათარაიძე საოცარი ისტორიით

მერაბ კოკოჩაშვილი 89 წლის გახდა - „ასაკს ვერ ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ ახალი ფილმის გადაღება მოვახერხე"