ჯარიმა 5 000 ლარი იქნება... - საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
1733773711
სპექტაკლის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, საგრიმიოროში, მაკა შალიკაშვილი გრიმის გასაკეთებლად გაემზადა და დასაჯდომად მოწყვეტით დაეშვა. სკამი გორგოლაჭებზე გაგორდა და მსახიობი მთელი ძალით დაენარცხა იატაკს...
"უცებ დაბნელდა... გავითიშე. გონს რომ მოვედი, ვიწექი და თავს მსახიობები, ჩემი მეგობრები დამტრიალებდნენ. მალე გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღმოვჩნდი" - მაკა "პრაიმტაიმთან" 13 მაისის ინციდენტს იხსენებს.
თუ მოტეხილი არ მაქვს და ძვლებში რკინებს არ გამიყრიან, ვითამაშებო, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაუბარებია. კუდუსუნის დაჟეჟილობით მალევე უკან დაბრუნდა, რახან მოტეხილობა არ ჰქონდა, დანარჩენი არ უნაღვლია.
და ლიტერატურული ფანტაზიის - "მე მოვალ - სიზმარი" - სანახავად სხვადასხვა ქალაქიდან თუ კუთხიდან გორში ჩასული მაყურებლის წინაშე, მოხდა ის, რასაც მაკა ემოციურად და მისეულად გვიამბობს.
მაკა შალიკაშვილი: გიორგი ლობჟანიძის ინსცენირებაზე ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ (გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა) დადგა სპექტაკლი. ეს არის გალაკტიონის ლექსებსა და წერილებზე აგებული ლიტერატურული ფანტაზია, რომელიც ჩვენი პოეზიის მეფის პორტრეტს ხატავს. ვერ ვიტყვი, რომ მე ცალსახად ოლია ოკუჯავა ვარ და დათო დარჩია გალაკტიონი. არის მომენტები, მეც გალას წარმოვადგენ. ხან ქალი ვარ, ხან კაცი, ოლია, გალა...
ეს კაცი დღემდე ამოუცნობია. ვერავინ იტყვის, საბოლოო ჯამში - ვინ იყო გალაკტიონი. გენიოსი და საოცრება რომ არის, ჩანს, დღემდე "ვძრომიალობთ" მის პოეზიაში, ამოუწურავად. ლოთი იყო თუ თამაშობდა, ღარიბი იყო, პალტო არ მაქვს, ფეხსაცმელი არ მაქვსო, ამ დროს - უფულოდაც არ იყო. მე მგონია, რომ სალოსობდა... ბევრ ლექსს ვამბობ, იქ სიყვარულზე, სამშობლოზე, პატრიოტიზმზე, გაურკვევლობაზე, უსახსრობაზე, დაღლაზე...
მოკლედ, 13 მაისია, გორის დრამატულ თეატრში მაყურებელი ჩამოსულია, სავსეა დარბაზი. მე კაბის გამოსაცვლელად შევედი საგრიმიოროში. ექვსი საათია. შვიდზე ვიწყებთ! მოწყვეტით დავჯექი და... დაბნელდა! გული წამსვლია. მეგობრები გარს მახვევია. წელს ქვევით ვერაფერს ვგრძნობ, ვარ ატროფირებული, ფეხებს ვერ ვამოძრავებ. გამაყუჩებელი გამიკეთეს. თეატრის დირექტორი, თამარ თოხაძე მეუბნება, არ იდარდო, მთავარია, შენ იყო კარგად, ნიკა შველიძეს ველაპარაკე და იმავეს ამბობს, სპექტაკლს მოვხსნითო.
თუ გატეხილი არ მაქვს კუდუსუნი, ვითამაშებ-მეთქი... წამიყვანეს. მოტეხილობა არ აღმომაჩნდა, სხვა არაფერი მაინტერესებდა. დავბრუნდი და ყველას ვუთხარი, რომ მზად ვარ, ვითამაშებ-მეთქი!
ათი წუთი ვალოდინეთ დარბაზს. დავდექი ფარდასთან, მგონია, რომ "ხოდზე" ვარ. რაღაც ჩოჩქოლია, განათებასთან დაკავშირებით პრობლემააო, გავიგე. ვაა, ვფიქრობ: მაკა, ეს უკვე ნიშანია, დავარდი, ახლა განათებას აქვს პრობლემა, ეტყობა, შენ დღეს არ უნდა ითამაშო, ეტყობა, შენ მაყურებლის წინაშე უნდა შერცხვე, ღმერთმა რაღაც უბედურებას უნდა აგაცილოს, მორჩი, აღარ გინდა ამ სპექტაკლის თამაში-მეთქი.
და უცებ მეწყება ფეხების საშინელი კანკალი, პანიკა-ატაკა, რომელიც დამმართვია და ვიცი, რა უბედურებაც არის. აგონია და უბედურებაა. საშინლად შემეშინდა. სოფო, ცუდად ვარ მიშველე-მეთქი, ტექნიკურ რეჟისორს მივმართავ. მსახიობები ჩემს საგულშემატკივროდ არიან დარბაზში მოფენილი. ველოდები კორსიზს, რომელიც სოფომ დამპირდა, მოგიტანო და ამ დროს სპექტაკლის მუსიკა ირთვება და ნათდება ჩაბნელებული სცენა.
ასე იწყება სპექტაკლი, განათებული პატარა ჰოლი უნდა გავიარო. რეჟისორი ასე მიხსნიდა, სხვა პლანეტიდან შედიხარ, შუქზე ხალხს ხედავ, შეეხე, თავიც გეუცხოება, მეხუთე ელემენტის მაგვარი განცდით ხარ და იწყებ ლექსსო.
ვგრძნობ, რომ ნიკამ რაც ამიხსნა, იმავეს განვიცდი, უკან დასახევი გზაც არ მაქვს. მსახიობს, ყველას აქვს მაყურებლის შიში. მე ეს გრძნობა იმ მომენტში გამინულდა. მივხვდი, რომ გალაკტიონის ლექსებით იმ ადამიანების წინ, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, გარდავიცლებოდი. რომ უკანასკნელად, რასაც ვიტყოდი იყო: "მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა..."
ხომ იცით, რამხელა დრამაა გალას ლექსებში. თან ჩვენ მსახიობებს გამძაფრებული გვაქვს ემოციები, სენსიტიურები ვართ, ასჯერ მეტად განვიცდით...
მიუხედავად იმისა, რომ არავინ დამძრახავდა ჩემს მდგომარეობაში რომ არ მეთამაშა, მე მაინც ვითამაშე. სცენიდან, უკანასკნელ აღსარებასავით ვამბობდი ლექსებს...
არის მომენტი, გაბრაზებული ხარ ყველაფერზე: ვარ საერთოდ მსახიობი? მეტყველების პედაგოგი ვარ? თუ ვინ ვარ? მინდა? არ ვიცი. მაგრამ იმ მომენტში მე მქონდა არჩევანი, ან საკუთარი ჯანმრთელობა და თავი, რომელიც უნდა გადამერჩინა, ან მოსული ხალხი, ვის წინაშეც უკანასკნელ სიტყვებს ვიტყოდი... მე უკან დახევა არ შემეძლო როდესაც ვიცოდი, რომ ადამიანები სპექტაკლის სანახავად აჭარიდანაც იყვნენ ჩამოსული, ჩემი პარტნიორი - დათო დარჩია თბილისიდან ჩამოვიდა სათამაშოდ, როცა ამდენი ხალხი წვიმაში შენს სანახავად მოვიდა გორის თეატრში, არც დავფიქრებულვარ. ჭკუა არ მომეკითხებოდა.
მე არ ვარ საოცრება. არც პირველი ვარ, არც უკანასკნელი. ბევრ პროფესიაში ყოფილა საქმეზე თავგანწირული პროფესიონალები და იქნებიან მომავალშიც. გიორგი ანწუხელიძე ფიქრობდა, რომ მისი გმირულად თავგანწირვის შემდეგ მასზე დაწერილ ლექსებს მსახიობები წაიკითხადვნენ? არის მომენტი, როდესაც უნდა აარჩიო, საით ხარ, ვის ემსახურები - თავს, ეგოისტურად თუ პროფესიას, ან სამშობლოს. თუ პროფესიას სწირავ თავს, შენ სამშობლოსაც შესწირავ თავს. ყველაფერს შესწირავ, რახან ბუნებით ხარ ასეთი...
შეიძლება ეს ვიღაცისთვის არაფერი ისტორია არ იყოს, მაგრამ ჩემთვის, 45 წლის მაკა შალიკაშვილისთვის ცხოვრება ორად გაიყო, ამ ფაქტამდე და ამ ფაქტის შემდეგ.
მე რომ გავიფიქრე, მაკა, შუქიც ჩაქრა, შენ არ უნდა ითამაშო-მეთქი - ზოგჯერ ჩვენი ინტუიცია ცდება. ნიშანი პირიქით გვეძლევა, რომ კი არ გავჩერდეთ, არამედ, გავაგრძელოთ. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გული გონიერი.
მე გაზრდილი ვარ ისეთი მსახიობების მაგალითით, რომელთაც შვილი მოკვდომიათ და უთამაშიათ, დედა მოკვდომიათ და უთამაშიათ, სისხლის ფასად უთამაშიათ! ავადმყოფებს უთამაშიათ...
სწორად გამიგეთ, მე ამ ჩემი საქციელით საოცრება არ ვარ; მე მინდა, რომ ეს ფაქტი მომავალი მსახიობის ქვეცნობიერში ჩაილექოს. საოცარ დროს, ქვეცნობიერში ჩადებული მნიშვნელოვანი მესიჯები, ადამიანს ამარჯვებინებს. ამიტომ ქვეცნობიერში სიყვარული, თავგანწირვა უნდა ჩავდოთ... ამიტომაც ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. მე ვცდილობ სწორი მესიჯებით გავჟღინთო მომავალი თაობის ქვეცნობიერი.
გულით რომ იხარჯები, იქ არ უნდა იფიქრო მატერიალურზე, მილიონს მოგცემენ თუ არა. არა უშავს, თუ იმ ნაშრომში შენ რომ ბოლო გგონია, ჰონორარს თუ არ მოგცემენ; შენ ბოლომდე დაიხარჯე და შენი ცრემლი, სისხლი, ტკივილი დაგიფასდება. თუ გულწრფელი ხარ, თუ მართალი ხარ, თუ ბოლომდე ამოიღებ გულს და დადებ, შენზე მომავალი თაობა ილაპარაკებს. ისევე გაგიხსენებენ, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ გიორგი ანწუხელიძეზე და სხვა გმირებზე, პროფესიაზე თუ სამშობლოზე შეწირულ ადამიანებზე...
ჩვენს საუბარს კი დავასრულებ მამა ადამ ახალაძის სიტყვებით: "გიყვარდეთ, გიყვარდეთ, გიყვარდეთ და თავად სიყვარული გასწავლით სიყვარულს".
ასევე დაგაინტერესებთ: "20 პროცენტი ისედაც დაპყრობილია და რაც მიწა დაგვრჩა, ნუ შეგვიჭამ-მეთქი..." - ხვიჩას ამბები წიგნიდან, რომელიც დღეიდან გაყიდვაშია