„საყვარელ კაცს ცოლად არასდროს გავყვები!“ – 55 წლის სვანკა სტერეოტიპებს არღვევს

Natali Dry Bar“- ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი მაია სვანიძე

ავსტრალიელმა სოციოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგადაც დაადგინეს, რომ 50 წლის შემდეგ, ქალბატონებს, ახალი, უფრო ბედნიერი ცხოვრება ელოდებათ.

მშვენიერი სქესის წარმომადგენელთათვის, ეს ის ასაკია, როცა ყოველგვარი კომპლექსისგან თავისუფლდებიან და სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბობას იწყებენ.

თანამედროვე ეპოქის 50 წელს გადაცილებული ქალების უმეტესობა, თავს, საკუთარი ასაკის სტერეოტიპულ წარმომადგენლებად არ გრძნობენ. სასიხარულოა, რომ დღევანდელი ქალები, აღნიშნულ სტერეოტიპებს, სწრაფი ტემპით ამსხვრევენ.

სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი, ცნობილ სტილისტ მიშა გასიტაშვილის სილამაზის სალონის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი მაია სვანიძე, რამდენიმე წლის წინ, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ყველაზე მეტად, რაც ადამიანს აბერებს, სიყვარულის დაკარგვაა:

55 წლის ვარ, ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიარე. ასაკს არ ვმალავ, მირჩევნია, ჩემს ასაკთან შედარებით კარგად გამოვიყურებოდე. ადამიანი, რომელიც წლოვანებას მალავს, საკუთარ თავს ატყუებს. საინტერესო და გამორჩეული ცხოვრება მქონდა. ძალიან პატარა ასაკში გავთხოვდი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მამამთილმა მომიტაცა.

მამამთილმა?

ჯერ ჩემმა ქმარმა მომიტაცა, არ გავყევი და უკან მოვბრუნდი. ამის შემდეგ, ეს საკითხი მამამთილმა ითავა და ჩემს ქმარს „ჩააბარა“ ჩემი თავი. ძალიან ვუყვარდი და უნდოდა, მისი რძალი ვყოფილიყავი. სალაპარაკოდ ჩამსვა მანქანაში და წყნეთში გამაქანა.

მართალია, რამდენიმე წელიწადში დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ საერთო შვილი გვყავს – ნუკრი პაიჭაძე. თავად, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

მეორე ოჯახი შექმენით?

მეორე ქმარიც მყავდა, 10 წელი ერთად ვიყავით, მაგრამ საერთო შვილი არ გვყავს. წარსული სიყვარული, ყოველთვის თაროზე უნდა შემოდო და კარგ მოგონებად აქციო, ვიდრე გააფუჭო ის მოგონება. უკან დაბრუნება არასდროს ამართლებს და არც არავის ვურჩევ.

გამორჩეული გარეგნობა გაქვთ…

ასე გამოდის. ახალგაზრდობაში, რატომღაც ია ნინიძეს მამსგავსებდნენ. რუსეთში, სოფია როტარუს და ამიტომ „გავქერავდი“. უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, განსაკუთრებით რუსეთში. ამ ეტაპზე, ისე კარგად გამოიყურება როტარუ, ნეტა მეც ეგრე ვიყო!

გარეგნობის გარდა, რა თვისებებით გამოირჩეოდით?

ყველას ჩემი დადებითი ხასიათი მოსწონდა. ყოველთვის ვცდილობდი, ადამიანებისთვის, დისკომფორტი არ შემექმნა. არადა, ძალიან ემოციური ვარ, ყველას პრობლემა გულთან მიმაქვს.

გამოიყენეთ თქვენი გარეგნობა?

არასდროს, ძალიან თვითკრიტიკული ვარ, მშობლებიც ასეთივე მყავდა. დედაც არასდროს „მასხავდა ხოტბას“. რომ გითხრათ რამეში გამოვიყენე, მოგატყუებთ. რეჟისორმა ოთარ ლითანიშვილმა გადამიღო ფილმში, არც კი ვიცი, თუ გამოვჩნდი ეკრანზე.

რამდენიმე ხნის წინ, ფოტოგადაღება მქონდა, საფრანგეთში უნდოდათ გაგზავნა, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. ქართულ სერიალში - „ჩცდ“ მიმიწვიეს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მივედი და ჩამეშალა.

მიუხედავად ჩემი აღნაგობისა, მოდელად არასდროს მიმუშავია. რამდენჯერმე მიმიწვიეს გადაცემაში. ცოტა ხნის წინ მე, დალი ჩიტალაძე, მაკა საჯაია და ლალი ტოტიკაშვილი, „პოს ტვ“-ზე მიგვიწვიეს ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც „როგორ არ უნდა გეშინოდეს დაბერების“ და ასევე, „თავის მოვლის საშუალებებზე“ ვისაუბრეთ. ძალიან მოდური გახდა ასაკოვანი ქალები, თუნდაც პოდიუმზე.

 – რა პროფესიის ხართ?

დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ჩემი პროფესიით, მხოლოდ ერთხელ, საჯარო ბიბლიოთეკაში ვიმუშავე.

ამბობენ, რომ კარგი გემოვნება და ხედვა მაქვს, თან უამრავი ნაცნობი მყავს და ამიტომ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ სალონში – „Natali Dry Bar“ საზოგადოებრივი ურთიერთობის მენეჯერად დავიწყე მუშაობა, რომელიც კარგად გამომივიდა.

რამდენიმე თვეა, რაც წამოვედი და მიშა გასიტაშილთან გადმოვედი, სადაც ამ ეტაპზე, ბარის და რესტორნის გახსნა იგეგმება. სასწაული ადამიანია, მსგავსი გემოვნების, არავინ მინახავს, ასე მგონია, ტილოზე ხატავს. კარგი ადამიანია, რაც დღეს პრობლემაა, მასთან თავს საუკეთესოდ ვგრძნობ.

სალონში ყოველთვის ბევრი დადის, მათ შორის, უამრავი ცნობილი ადამიანი. მიშა ძალიან მეგობრულია, არა მარტო თანამშრომლებთან, არამედ სხვებთანაც. ამავე დროს, ძალიან გემოვნებიანი სტილისტია. არ მახსოვს, რომ მისგან ვინმე უკმაყოფილო წასულიყო. 

პრობლემები, რაც პანდემიამ გამოიწვია, განსაკუთრებით ქალებში…

მე პირადად, სულ ფორმაში ვიყავი და ვარ კიდეც. სახლის პირობებში ვახერხებდი ყველაფერს. გულახდილად გეტყვით, არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე, მაგრამ არც ბევრი ჭამა მიყვარს, ამიტომ წონას, დღემდე ვინარჩუნებ.

ზომიერზე ნაკლებად ვიკვებები, მამის გენეტიკა მაქვს, არ ვიმატებ წონაში. ადრე უფრო მეტს ვვარჯიშობდი, ჩვენ კორპუსში ლიფტს ცვლიდნენ და მე-15 სართულზე ფეხით სიარული მომიწია, რაც ამ ეტაპზე, ძალიან დამეხმარა.

ვხედავდი, რამდენი რამე შეძლებია კიბეს – საკმაოდ შემიცვალა ფიგურა, ამიტომ ბევრს ვურჩევ. ძალიან მინდა იოგაზე სიარული, ყოველ ორშაბათს ვგეგმავ, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე.

პანდემიის პერიოდში, ერთი პატარა სურვილი ავისრულე. მიყვარს ლამაზი ფეხსაცმელი. უცხოეთიდან უამრავი ჩამომქონდა, სულ დამცინოდა დედაჩემი. გავაკეთე რამდენიმე ნიმუში და ძალიან ბევრი მოწონება დაიმსახურა.

ჩემი მეგობრები მეხმარებიან ქსოვილის შეძენაში – ზოგი უცხოეთიდან მიგზავნის, ზოგს აქ ვყიდულობ. იკერება, მხოლოდ ერთი წყვილი, აქედან გამომდინარე, არავის ეცმევა შენნაირი ფეხსაცმელი. დავაპატენტე ჩემი ლოგო და მალე იხილავთ ჩემ ნამუშევრებს.

ერთს დავამატებდი, ამ პანდემიამ, ჩემში პროტესტი გამოიწვია – ქალები, რატომღაც მამაკაცებზე ძლიერები აღმოჩნდნენ და ხშირად მესმის ქალებისგან, რომ კაცები „აღარ არიან“. ხშირად მინახავს, ორი ქალი ერთმანეთს ეცეკვება, რაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ ამის გამო, საერთოდ შევიცვალე ჩაცმის სტილი.

დავიწყე ჰალსტუხების კეთება, ჟილეტების და პიჯაკების ჩაცმა. რატომღაც ამ მიმდინარეობამ „წამიღო“. სპორტული სტილი არ მომწონს, არც მიყვარს და ვერც ვიხდენ, ალბათ, მარტო სპორტდარბაზში მნახავთ.

ჩემ ახალგაზრდობაში, სპორტულ სტილში ჩაცმულ ადამიანს გამოარჩევდით, მიხვდებოდი, რომ თბილისელი არ იყო.

ხშირად მიკითხავს ახალგაზრდა ბიჭისთვის, რა გჭირთ, რატომ არავინ არ მოგწონთ მეთქი. ბევრს უპასუხებია, რომ „ქუსლიანი ქალები“ მოენატრათ. ყოველთვის ვცდილობდი, რომ კულტურულად და ლამაზად ჩამეცვა. ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, ასეთი ჩაცმული ქალი.

 – რას ურჩევდით ქალებს?

ვურჩევდი, არ მიეჩვიონ სახლში ჯდომას. არასდროს მივეჩვევი იმას, რაც არ მომწონს. პანდემიის პერიოდში, სულ დავდიოდი ჩემ მეგობრებთან, რა თქმა უნდა შეზღუდული რაოდენობით. ვინც ძალიან მიყვარს, არ შემიძლია, არ მოვინახულო და ჩავეხუტო.

ამ პანდემიის პერიოდმა, ძალიან დიდი „სიცივე“ მოიტანა, განსაკუთრებით, ხელის მიდებით, „კორონა სალმით“.  ასე მგონია, რაღაცას მართმევენ. ალბათ, ახლანდელი თაობა, განსხვავებული ხასიათის გაიზრდება.

რომ ვიცოდე, ავად არის, მაინც სურვილი მაქვს, რომ გადავკოცნო. თითქოს ამით ჩემ სითბოს გამოვხატავ. ისედაც „გაციებულია“ ურთიერთობები და აღარც კოცნა, არც მოხვევა – მიჭირს ამ ყველაფრის შეგუება.

ადამიანს ყველაზე მეტად რაც დააბერებს, სიყვარულის დაკარგვაა. აუცილებელია, მეგობრობის წრეში ყოფნა. მართალია, სალონში ყველა ვერ ახერხებს სიარულს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება, სახლში თავის მოწესრიგება.

 

არასდროს უნდა გამოიყურებოდეს ქალი ისე, რომ ქმარს სახლში მისვლა არ უნდოდეს. არ არის აუცილებელი სალონებში სიარული. მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომლებიც იშვიათად დადიოდნენ სალონში.

„სახლში დარჩენამ“, ბევრ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნა და ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებულიც კი გახდა…

არ ვცნობ ანტიდეპრესანტებს, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე კარგი საშუალება 50 გრამი კონიაკია, განსაკუთრებით, ალუბლის წვენთან ერთად - კარგ ხასიათზეც დადგებით და წნევასაც დაარეგულირებთ.

გაითვალისწინეთ, რომ სასმელი, აუცილებლად ხასიათის მიხედვით უნდა აარჩიო, რომელი დალიო.

სალონებში ყოველთვის ირჩეოდა და ვრცელდებოდა, განსაკუთრებით ცნობილი ადამიანების ოჯახების შესახებ ბევრი ზოგი ჭორი და ზოგჯერ რეალური ამბები, ამ ეტაპზე რა ხდება…

ადრე თუ თვეები განიხილავდნენ, თუნდაც ჭორაობდნენ, ახლა, ზუსტად ხუთ წუთში მთავრდება ერთი ადამიანის განსჯა. თითქოს, ყველა ჩაიკეტა საკუთარ თავში, მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობს. ზოგს შვებას ჰგვრის, სხვისი ცუდის გაგება.

პანდემიამ ბევრი ოჯახი დაანგრია. ხშირია, როცა ოჯახები ერთმანეთს ახლოს არ იცნობენ. სახლში ჩაკეტვამ, ბევრი ცუდი გამოავლინა. ჩემს ირგვლივ, ბევრი ოჯახი დაინგრა. რასაც დღეს ბევრი ქალი იტანს, მე არასდროს ავიტან.

ყველაზე მეტად რას ნანობთ?

ყველაზე მეტად გული მწყდება, რომ ბევრი შვილი არ გავაჩინე, ძალიან მინდოდა გოგო მყოლოდა. ერთი სული მაქვს, ჩემმა შვილმა ცოლი შეირთოს, რომ რძლის ჩაცმა - დახურვაზე ვიზრუნო. მინდა რომ ბევრი შვილი გააჩინოს, ვგიჟდები ბავშვებზე და მოხუცებზე.

მეტსახელად, „სვანკას“ გეძახიან…

„სვანკა“ ბავშვობაში, გვარის გამო შემარქვეს და დღემდე შემომრჩა.  ჩემი ფეხსაცმელების ხაზიც, ამავე სახელწოდებისაა.

ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ სვანი ხართ…

თქვენ წარმოიდგინეთ წარმოშობით, მართლაც სვანი ვარ. ჩემი წინაპრები, ხარძიანების გვარის წარმომადგენლები იყვნენ. ისე რაჭიდან ვართ, ძალიან მიყვარს იქაურობა, ყველა რაჭველი ჩემი ახლობელი მგონია.

რას გვეტყვით ქალბატონების ჩაცმის სტილზე?

რაც შეეხება ქალბატონების ჩაცმის სტილს, ყველაზე ძალიან რაც უჭირთ, ფერადი სამოსია, რასაც საკმაოდ კარგი გემოვნება სჭირდება - არაფრისგან შექმნა სამოსი, რომელიც დიდ თანხებთან არ არის დამოკიდებული, შავ ტანსაცმელს ყველა ჩაიცვამს.  

არასდროს არ ვატრიალებ ეტიკეტს. ვერ ვიტან, ბრენდებით რომ უსვამენ ხაზს და რა გადაიხადეს. შანელს აქვს კარგად ნათქვამი – ქალი თუ დაინახეთ და არ გახსოვთ რა ეცვა, ე. ი. ძალიან კარგად გამოიყურებოდაო.

ვგიჟდები ფერად ტანსაცმელზე. ძალიან მიყვარს აქსესუარები, კარგი სამკაული და ფეხსაცმელი ჩემთვის ყველაფერია. არასდროს მქონია სურვილი ტანსაცმლის ხაზი გამეკეთებინა, ფეხსაცმლის კი, ხშირად, ვნახოთ, რა გამოვა.

ახალი კონკურენტი გამოჩნდი…

ვფიქრობ, რომ არა. მე ყველასგან გამორჩეული დიზაინი მაქვს. ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერი სალომე ტყაბლაძე და მსოფლიო დონის დიზაინერი დევიდ კომა (დავით კომახიძე), რომელიც ლონდონში მოღვაწეობს, არ მგონია, რომ რომელიმემ კონკურენტად ჩამთვალოს.

არ ვარ თავის გამოჩენის და ვინმეზე ამბიციების მომხვევი ადამიანი. შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე გავაკეთო და მხოლოდ მეგობრების შეკვეთებზე ვიმუშაო. ფეხსაცმელს ხშირად ვკერავ, მაგრამ არ მიყვარს ტანსაცმლის კერვა.

მინდა გითხრათ, რომ ბედნიერ ქალს, ყველაფერი უხდება. თუ კარგ ხასიათზე ვარ, შეიძლება ჩემნაირი ჩაცმული, ვერავინ დაინახო.

კაცები ამბობენ, ქალს, თვალებში ეტყობა, როცა შეყვარებულიაო…

მართლაც ასეა. ერთადერთი, რაშიც ვერ დაგეთანხმებით, საყვარელ კაცს, ცოლად არასდროს გავყვები, გრძნობას არ გავაუბრალოებ. დიდი ხანია, მყავს ადამიანი, რომელთანაც არაფერი მიშლის ხელს, რომ ერთად ვიცხოვროთ, მაგრამ ასე უფრო მომწონს.

18 წელია ერთად ვართ, ჩემზე 4 წლით უფროსია, უბედნიერესი ადამიანი ვარ. ვგიჟდები ისე მიყვარს, მაგრამ ოფიციალური ქორწინება არ მინდა. სავარაუდოდ, ერთ მშვენიერ დღეს, ჯვარს დავიწერთ!

ჩემი აზრით, კაცთან, რომელიც გიყვარს, უნდა იყო დოზირებულად. არასდროს ვიქნები კაცთან, რომელიც არ მეყვარება. არც ფულის გულისთვის. თუ სულიერად კარგად არ ვიქნები, ვერ ვიცხოვრებ.

დღემდე შეყვარებული ხართ, ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ ფანტასტიკურად გამოიყურებით…

სხვათა შორის, არანაირი ოპერაცია რა მაქვს გაკეთებული, პლასტიკურ ქირურგიას არ ვცნობ, ძალიან ცოტას ვამატებ – ფილერს.  

მიშა (გასიტაშვილი) მეუბნება, ასაკში, ილონ მასკის დედას დაემსგავსებიო. თუ მართლა ასე მოხდება, თანახმა ვარ, ახლავე დავბერდე, საოცარი ქალია!

ძალიან ბევრი სიყალბეა დღეს, რაც ჩემთვის უცხოა. მიყვარს „ნამდვილი“ ადამიანები, არ შემიძლია, ტყუილი ვუთხრა ადამიანს.

სიტყვა – ლამაზი ხარ, საერთოდ გაუფერულდა. მთელი ცხოვრება მეუბნებოდნენ, რა ლამაზი ხარო, მაგრამ არასდროს ვიღებდი. ჩემი აზრით, ლამაზები არიან – მონიკა ბელუჩი, ბიანკა ბალტი, ბრიჯიტ ბარდო.

უნდა იცოდნენ ქალებმა, რომ 55 წელი, არაფერი არ არის. დღემდე შემიძლია ბევრ ახალგაზრდაზე უკეთ გავერთო. გარეგნობის შეცვლასაც არ მივესალმები და არც ვაპირებ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში….

ყველამ იცის, რომ ჩემ ცხოვრებაში, უმნიშვნელოვანესი ადამიანი, დედა იყო. ისე მიყვარდა, ღმერთს ვევედრებოდი, ერთი დღით ადრე მე მომკალი-მეთქი. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალი, 84 წლამდე ვაცოცხლე. სულ ვაგრძნობინებდი, რომ ყველაზე საჭირო ადამიანი იყო.

ყველაზე მეტად უხაროდა, როცა მისი გემოვნებით ვიცვამდი. ასაკში რომ იყო, ყველა მეუბნებოდა, გარეგნობით, ახლაც კი შენზე ლამაზიაო. როცა რამე მიჭირს, ყოველთვის წინ მხვდება, მისი დათესილი სიკეთე. აქედან გამომდინარე, დღემდე ვერ ვენდობი ადამიანებს, რომლებიც ცუდი შვილები არიან.

ბევრად უკეთესი სახლი მქონდა, ვიდრე ახლა, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ გავყიდე და სხვაგან გადავედი.

არ შემეძლო იმ სახლში დარჩენა. ჩემმა შვილმაც იმარჯვა, დამიმალა ყველა ფოტო და შავებიც კი, მისი ხათრით გავიხადე, ხომ გახსოვს, შავ ფერს ვერ იტანდაო!

დღე არ გავა, მასზე არ ვფიქრობდე. ძალიან ემოციური ვარ და მიჭირს, ადამიანების დაკარგვა. არადა, ისეთი ცხოვრება დადგა, რაც უფრო „ცივსისხლიანი“ ხარ, მით უფრო გიმართლებს. მაგრამ ვთვლი, რომ მათ ცხოვრებას არ ჰქვია „ცხოვრება“. ზოგი ფიქრობს, რომ წარმატებას მიაღწია და ამიტომ ძლიერი ქალია.

რაში გამოიხატება ქალის სიძლიერე?

მიუხედავად ყველანაირი ტკივილისა, გარეთ რომ გავდივარ, შემიძლია ყველას ჩავეხუტო და თბილი სიტყვა ვუთხრა. ხშირად მეკითხებიან, რატომ გაქვს სევდიანი თვალებიო? არადა, მეტსახელად „მხიარულასაც“ მეძახიან.

როგორც ჩანს, ზოგჯერ თვალები მყიდის – მეტყობა სევდა. ამ დროს შენი თავის გარდა, ვერავინ დაგეხმარება. ადრე დედა მედგა გვერდით, ახლა ვსწავლობ, მის გარეშე ცხოვრებას. ძლიერი ჩემთვის არის ქალი, რომელსაც მისი პრობლემები გარეთ არ გააქვს და სამყაროზე ჯავრს არ იყრის.

არასდროს მოვიქცევი ასე, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი ტკივილი მქონია ცხოვრებაში, ვიდრე სიხარული. ბედნიერ ადამიანებთან ურთიერთობა, ბევრად კარგად ხდის ადამიანს, მთავარია არ შეგშურდეს მისი, რაც მე არანაირად არ მესმის.

არიან ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტად, ტრაგიკულ ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონთ…

ამ ქვეყანაში, თუ არ კვდები და არ ხარ საწყალი, ისე არ გაქცევენ სათანადო ყურადღებას. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები, თავიანთ მდგომარეობას ამსუბუქებენ, ანუ თავად არ არიან ბედნიერები. როგორ შეიძლება, ბედნიერი ადამიანი სხვისი უბედურებით დატკბეს!

ზოგჯერ მინდა ჩემი სიხარულის გაზიარება, მაგრამ მეშინია. შეიძლება, ისეთ უბრალო ამბავი „შემშურდეს“, რომ ვერც წარმოიდგენთ. ერთი პაწაწინა „შური“ მაქვს მათი, ვისაც დედა ჰყავს. არასდროს „ბერდება“ სიტყვა - „დედა მინდა“,  ნამდვილად არ იცის ასაკი.

როგორია ლამაზი ქალი?

როცა ნიჭიერია ქალი, ჩემთვის ყველა ლამაზია. არ მიყვარს, „უტვინო“ ქალები და ამიტომ სილამაზე, ზოგჯერ მალე მთავრდება ჩემთვის, არც „ჩერჩეტი“ ქალები, თუ არ ჩავთვლით, რომ ხანდახან საჭიროა.  

პაემანზე რომ მივდიოდი, ყოველთვის ჩემზე ლამაზი ქალი მიმყავდა. ჩემი მეჯვარეებიც, ჩემზე ბევრად ლამაზები იყვნენ. ძალიან მიყვარს, ჩემზე ლამაზ ქალებთან ურთიერთობა. ასე მგონია, შენც მათსავით ლამაზი ხდები.

ბევრი ცდილობს, რომ გარეგნობით, მათზე ბევრად ნაკლებ ადამიანებთან იმეგობრონ. ძალიან რთულია, ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანის პოვნა. თუ იპოვი, მაგრად უნდა მოუჭირო ხელი!

ადამიანებმა, რაც შეიძლება მეტი სიყვარული უნდა გასცენ. ხალხს სითბო აკლია, სითბომ და სიყვარულმა შეიძლება მკვლელი მოაბრუნოს გზიდან. სიტყვა, სიყვარულის თქმაც კი ეზარებათ.  

თუ სიყვარულს არ გავცემთ და მასზე ბევრს არ ვისაუბრებთ, „გაიყინა“ დედამიწა! ამდენმა ღვარძლმა, ბოღმამ და ერთმანეთის ჯიბრით დანგრეულმა ქვეყანამ, უამრავი პრობლემა შეგვიქმნა, ამიტომ მთავარია გიყვარდეს!