1733824994
"რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული. ცხადია, ვნანობ, მაგრამ თუ დააკვირდები, ეს შეცდომები აძლევს ცხოვრებას შინაარსს..." - გოგი ხარაბაძე
არავის ჰგავდა; იყო ცალკე, განყენებულად, თავის საუფლოში; შვილის გარდაცვალებამ ნაჭუჭში შეკეტა; მერე, იქ აღდგა და თავი რომ გადაერჩინა, უფალს დაუახლოვდა; ბიბლიის აუდიო ვერსი ჩაწერა და ისედაც გამორჩეულ ტემბრს, კიდევ უფრო ბიბლიურობა შემატა.
გუშინ, 17 აგვისტოს, თავადაც შეერწყა მარადისობას;
გთავაზობთ ამონარიდებს გოგი ხარაბაძის საუბრებიდან;
"მთელი ჩემი ცხოვრება სავსეა ჩავარდნებით და აღმასვლებით. იყო წლები, როცა რუსთაველის თეატრში საერთოდ არაფერი მითამაშია. ბოლო სამი-ოთხი წელია საერთოდ სცენაზე არ გამოვსულვარ. სამაგიეროდ სამი წლის წინ ერთდროულად ვთამაშობდი ტიტუს ანდრონიკუსს, მეფე ლირის და კალდერონის პიესაში მეფე ბასილიოს. ეს პროცესი, რომელიც ყველა მსახიობის ცხოვრებაში ხდება, მხედველობაში მაქვს პაუზები, მეც, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ამას დიდად არ განვიცდი. რადგან ახლა ფაქტიურად არ ვიცი ვის და როგორ ველაპარაკო, რა ენაზე ვესაუბრო მაყურებელს. სცენაზე ტყუილად დგომას კი სჯობს არ იდგე და თუ დასაძახებელი ან დასაყვირი არაფერი გაქვს ხალხისთვის, სჯობს არ იკნავლო."
***
"სულ მარტო ვარ, ხელნაკრავი, უარყოფილი. ვინც მიცნობს, იფიქრებს ასეთ დროს სულ გაბოროტდაო. არა, პირიქით… ტკივილებითაა აღსავსე ჩემი სული, მაგრამ უნაზესი ტკივილებით. ახლა ერთი საათია გალაკტიონის ერთ ლექსს ვეძებდი, რომელიც მთლიანად გამოხატავდა ჩემი სულის მოძრაობას. ასეთი ლექსი ორია.
ერთი, სადაც წერია: "იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე ამას გევედრები." და მეორე – "მშვიდობით, მშვიდობით, ამაოდ დაგენდე, ელვარე საღამოვ ალმის საყურეთა."
***
"მსახიობის პროფესია ტრაგიკულია… სიხარულის ერთი წამისთვის ცხოვრობ. ასეთი წამები იშვიათია, მაგრამ იმდენად ტკბილი, რომ თანახმა ვარ ასჯერ ვცადო და ვეწამო, ოღონდ ამ წამმა ერთხელ გაიბრწყინოს.
ადამიანის მთელი ცხოვრება უსაზღვრო ტკივილებითაა აღსავსე, ცდომილებაა. მთელი ცხოვრება თამაშია, ყველანი ვთამაშობთ. მთლად ფუფუნებაში ჩაფლულნი და ღარიბ-ღატაკნი სწორედ რომ ერთნაირი საწუხარით არიან, ერთნაირი ტკივილებით ითანგებიან და მაინც… ამ ტკივილ-საწუხრიანი სიცოცხლის მშვენებაა – რამდენიმე წამი ნეტარებისა, რამდენიმე წამი თავდავიწყებისა, რამდენიმე წამი ამაღლებულთან მიახლოვებისა, რამდენიმე წამი ენით უთქმელი, განუმეორებელი და დაუბრუნებელი. ირაკლი (აბაშიძე) ხომ სვამს ასეთ შეკითხვას: “წუთი სჯობდა თუ საუკუნე?” რა თქმა უნდა, წუთი. წუთი კი არა, ხშირად წამიც სჯობს მთელ საუკუნეს. ამგვარი გაგებით მეც ხუთი-შვიდი წუთი თუ მიცოცხლია დღემდე."
***
"თუ მართლა ამდენი ათასი წელია, რაც ადამიანები ცხოვრობენ, იბრძვიან არსებობისათვის, აზროვნებენ, უყვართ, სძულთ… მეც და თქვენც ძალიან დაგვიგვიანია შუასკნელში მოვლინება. უკვე ყველაფერია ნათქვამი, განცდილი, ნანახი, შეგრძნობილი. მე და თქვენ რაღა დაგვრჩენია?
წმინდა სამება! არ არსებობს ამაზე მაღალი, უფრო დიდი. სამთავე სკნელში წმინდა სამება – მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა, რომელიც თავის თავში მოაქცევს ენით უთქმელსაც კი.
წმინდა სამება – სწორედ სამი სკნელის ერთობლიობაა: ზესკნელის, ქვესკნელის და შუასკნელისა. ამათ მიღმა, ამათ გარე არარა არსებობს.
წმინდა სამება – ესაა სიტყვა, ფერი და ჰანგი, ანუ ხელოვნება, რომელშიც ყველაზე მკაფიოდაა განსახირებული წმინდა სამება."
***
"რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული. ცხადია, ვნანობ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდება კაცი, რა აღმოჩნდება? – ის, რომ ეს შეცდომები აძლევს ცხოვრებას შინაარსს."
***
"რა ახლოს არის სიცოცხლესთან სიკვდილი. წლიდან წლამდე რამდენჯერ მინიმუმამდე დადის მათ შორის მანძილი. ერთ დღესაც… მაგრამ ეს ხომ ისედაც ცხადია… მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ძალზე ახლოა სიცოცხლესთან სიკვდილი, ხოლო სიკვდილთან სიცოცხლე საერთოდ არაფერ შუაშია, არაფერიც არ არის – სამწუხარო არს ესე."
ასევე დაგაინტერესებთ:
,,უდიდესი ტკივილია, საქართველოს სახალხო არტისტის, გოგი ხარაბაძის გარდაცვალება" - რუსთაველის თეატრი