დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ
1782508333
27 ივნისსა და 1-ელ ივლისს თბილისის მიწისქვეშა ღვინის თეატრი „სკენე“ საერთაშორისო მუსიკალური სცენის ორ გამორჩეულ ვარსკვლავს ჯაზ-საქსოფონისტ რაინ სულთანოვსა და მონრეალის მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებულ პიანისტს, ისფარ სარაბსკის უმასპინძლებს.
რაინ სულთანოვისა და ისფარ სარაბსკის დუო რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს და საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე ფართო აღიარებით სარგებლობს. განსაკუთრებული წარმატება მათ ერთობლივ ალბომს CYCLE ხვდა წილად, რომელიც საქსოფონის, ფორტეპიანოს, ორღანისა და ელექტრონული მუსიკის ჟღერადობას აერთიანებს. რაინ სულთანოვი გამოირჩევა მინიმალისტური და ღრმად ექსპრესიული მუსიკალური სტილით, ხოლო ვირტუოზი ისფარ სარაბსკი მსმენელს მრავალფეროვან, მრავალინსტრუმენტულ მუსიკალურ პალიტრას სთავაზობს.
საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენით აღინიშნება. რაინ სულთანოვი საკუთარ შემოქმედებას ქართულ მრავალხმიანობას უკავშირებს. 1-ელ ივლისს „სკენეში“ ქართული მრავალხმიანობისა და ჯაზის განსაკუთრებული საღამო გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ანსამბლ „დიდგორთან“ თანამშრომლობით, მომავალი მუსიკალური ალბომის მხარდასაჭერად, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი შეიქმნება. პროექტი ქართული პოლიფონიისა და თანამედროვე ჯაზის უნიკალურ გაერთიანებას გულისხმობს და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ორ გამორჩეულ მუსიკალურ ტრადიციას წარმოაჩენს.
მიწისქვეშა ღვინის თეატრი „სკენე“ მიმდინარე წლის 17 აპრილს, მომღერალ ნინო ბაშარულის ინიციატივით გაიხსნა. ძველი თბილისის გულში, ისტორიული ქარვასლას სივრცეში (რკინის რიგი 7.) განთავსებული კულტურული ცენტრი საქართველოს პირველი ავთენტიკური ღვინის თეატრია, სადაც პრემიუმ მეღვინეობა და ცოცხალი სასცენო მუსიკალური ხელოვნება ერთიანდება. „სკენე“ სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე კულტურულ გამოცდილებას და აქტიურად ერთვება თბილისის კულტურული ცხოვრებაში.