1788430468
“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ,,ოსკარი“ ქვეყნის სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს “გურია” წარადგენს. 2027 წლის 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე კანდიდატი ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 5 ფილმი მონაწილეობდა:
„მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. პროდიუსერი შპს ვაგონეტი;
„ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი შპს NB STUDIO;
„გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, პროდიუსერი შპს ნიკოლოზფილმსი;
„მეორეხარისხოვანი როლი“, რეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი შპს ზაზაფილმსი;
„გურია“, რეჟისორი ლევან კოღუაშილი, პროდიუსერი “კინო იბერიკა“.
საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით გაიმართა. წარსადგენი კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი ხელმძღვანელობდა, არქივის კინოთეატრში ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
ამერიკული კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე „ოსკარი“ ქართული ფილმი პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამდე იყო წარდგენილი. გიორგი დანელიას „შემოდგომის მარათონი“ (1979) და თენგიზ აბულაძის „მონანიება“ (1987) საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში საბჭოთა კავშირის სახელით მოხვდა.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ „ოსკარზე“ 20-ზე მეტი ქართული ფილმია წარდგენილი. საქართველოს პირველივე ოფიციალური წარდგენა 1996 წელს წარმატებული იყო. ნანა ჯორჯაძის ფილმი „შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი“ (ფრანგულ-ქართული კოპროდუქცია) საუკეთესო უცხოური ფილმის ხუთეულში მოხვდა და „ოსკარის“ ოფიციალური ნომინაცია მიიღო.










