ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
2023 წელს ბევრი ხელოვანი დავკარგეთ. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ოცამდე არტისტის იმიერში გადასვლა, ბევრია... მით უფრო, როდესაც ამგვარი მასშტაბური ადამიანების წასვლით, ძალიან ვღარიბდებით.
წლის დასაწყისში "მიმინო" გაგვიფრინდა... ეპოქალური ბუბა 15 იანვარს წავიდა... ნათლისღების დღეს, მშობლიურ ვერაზე, "წუთისოფლის ეტლმა, ჭენებ-ჭენებით გააქროლა" ჩვენი ლეგენდა. ვახტანგ კიკაბიძე საქართველომ გულიდან წამოსული ცრემლით გააცილა...
ტაში და აღიარება, რომელიც მთელი ცხოვრება თესა, საბოლოოდ უკანასკნელ გზაზე მოიმკა და შლეიფივით თან გაიყოლა...
"სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..." დიახ, ბუბას პროცესია ვარდისფერი იყო, სიყვარულის და ვარდის ფურცლებისფრად მეფურიც და ფაქიზიც.
სევდიანი იყო სცენა, საიდანაც ჩვენი მიმინო ჯერ აფრინდა, შემდეგ მთელი ცხოვრება, დიადი კამარა შეკრა და 2023 წლის 19 იანვარს, მარადიულ განსასვენებლამდე, რამდენიმე საათით შეისვენა. შესვენება იყო ცრემლიან- ყვავილიანი. მადლიერი აპლოდისმენტებით გული იჯერა და ისე წავიდა. მაგრამ ეს სულ სხვა ტაში იყო. ის არაფრით ჰგავდა ბუბას შესრულებით აღტაცებულ აპლოდისმენტებს. იყო სევდიანი, მადლიერებით გაჟღენთილი და სამარის კარამდე მიმცილებელი.
ბუბა ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ლოგო იყო... თავის გმირებსაც ჰგავდა... ჰქონდა ღირსება და დიდი სიკეთე" - ცნობილი ქართველები 84 წლის ლეგენდას ასე გამოემშვიდობნენ...
მეორე ლეგენდა და მისი თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი - ჯემალ ღაღანიძე მარადისობას 3 თებერვალს შეერთო. 89 წლის მსახიობმა უკანასკნელი წლები, ძირითადად, მწოლიარემ გაატარა. უბედნიერესს ხდიდა ყურადღება, მოკითხვა და სცენაზე დაბრუნების იმედი უთბობდა სიბერისგან გაფერმკრთალებულ წლებს.
"კეთილშობილი, კომფორტული და ნამდვილი" - ეს იყო შეფასებები, რომლითაც არტისტს ახასიათებდნენ.
მურმან ჯინორია: რა ხიბლი ჰქონდა ამისთანა ჯემალ ღაღანიძეს, რომ ის ხალხს უყვარდა? ეს ხიბლი ან გაქვს, ან არ გაქვს. მას ვერავინ მოგცემს. სცენაზე რომ გამოვიდოდა, ყველა მას უყურებდა, შენატროდა. იმ 70 წლის მანძილზე , რაც მან რუსთაველის თეატრის სცენაზე გაატარა, რამდენ ადამიანს მიანიჭა სიხარული. ეს სიხარული გაჰყვეს მას იმ ქვეყნად...
ერთია, რომ კარგი მსახიობი ხარ, მეორეა, რომ ხარ კომფორტული ადამიანი. ის კომფორტული იყო ოჯახშიც, თეატრშიც, სამეგობროშიც, სუფრაზეც, სიმღერის დროსაც.
12 აპრილს, 58 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი.
ქეთი ქიტიაშვილი: 1 აპრილს სპექტაკლი ვითამაშეთ და იქიდან მხიარულები წამოვედით. ბესოზე რატომღაც გავიფიქრე, რა ყოჩაღად არის-მეთქი. მომეწონა, კარგად ითამაშა, კმაყოფილი ვუყურებდი კულისებიდან და ჩემი შეგრძნებები მახსოვს. მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი წინათგრძნობა. ვერც ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე დღეში მასზე წარსულში მომიწევდა საუბარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუდმივები ვართ. არ ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას. არადა, რა არის ადამიანის ცხოვრება.
9 მაისს გარდაიცვალა პოეტი ბერდია არაბული. ხევსურეთმა თავისი 61 წლის კაი ყმა იგლოვა.
ეთერ თათარაიძე: როგორც ის დამამახსოვრდა, ეს მისგან წამოსული სინათლეა. თავისი კუთხის, ხევსურეთის ძალიან ერთგული იყო. მოუშორებლად იქ იყო. ქართულს ასწავლიდა.
უთქმელი ადამიანი იყო. ნამდვილი მთის კაცი. როდესაც შეგვხვდებოდა, დიდი სითბოთი და სხვანაირი სიკეთით გამორჩეული მამახსოვრდებოდა, თავისი ნაღვლიანი ღიმილით. ეგეთი იყო. ძალიან არ გასამეტებელი ადამიანი იყო. მისნაირები უვლიან ხევსურეთს ახლა და აცოცხლებენ. თბილისში ისწავლა, თავის კუთხეში დაბრუნდა და იქაურობას შეეწირა.
მაისში გარდაიცვალა 51 წლის პოეტი ლევან ალავერდაშვილიც. უავადმყოფია, როგორც ახლობლები წერენ. ლევანი მშობლიურ ქიზიყში ცხოვრობდა. დედაქალაქს მაშინ სტუმრობდა, როდესაც "საჭირო" იყო. არ უყვარდა ქალაქი. ფესვებთან ახლოს ყოფნითა და ვაზის მოვლით გართულს, მიწის სუნით გაბრუებულსა და ღვინისფრად შესხვაფერებულს, სამრეკლოში ნახავდით. ეს მისი სოფლის სახელია, ამგვარად რელიგიურად პოეტური.
ლევანას (ასე ეძახდა თავის თავს) პოეზია გულიდან წამოსული რითმების სიმფონიაა, რომელიც კითხვისას გასხვაფერებს და უკეთესს გხდის.
***
გასულ ზაფხულს მარიკუნა მიქატაძემ სრული შოკი მიგვაღებინა! გია ფერაძის 39 წლის ქალიშვილის მოულოდნელმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ზაფხული შუაზე გადატეხა.
მარიკუნა 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოტოციკლეტიდან გადავარდა...
მარიკუნა მოდის სფეროში მოღვაწეობდა. ომის დაწყებამდე, ცხოვრობდა და მუშაობდა უკრაინაში.
ნანახი თუ გყავდათ, ამ ტრაგიკული ბედის მანტიით მცხოვრები გოგონას სევდიან თვალებს, ვერასდროს დაივიწყებდით. ადვილი არ იყო მთელი ცხოვრება ევლო აჩრდილითა და ხმით - მამამ დედა მოუკლა...
აპატია? ალბათ, ბოლომდე ვერც შეძლებდა ამის შენდობას.
იყო ვარსკვლავური, მომხიბვლელი და სევდიანი...
შავი თმით, ყურზე რგოლებით, გაბუტული ტუჩებითა და სევდიანი თვალებით - მარიკუნა სულ ასეთი ემახსოვრება ყველას...
17 ივლისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მოცეკვავე, ომარ მხეიძე.
ნატალია მხეიძე: ბაბუ არ ტოვებდა არც ერთ კონცერტს, შეკრებას, დაჯილდოებას და მსგავს ღონისძიებებს. ძალიან ბევრს და ხშირად დადიოდა მთასა თუ ბარში. მისი პროფესიით ცოცხლობდა. მამა ხშირად სთხოვდა, რომ ასაკის გამო ამდენი აღარ ევლო, ცუდად რომ არ გამხდარიყო; ამაზე ომარი ბრაზდებოდა, რა დროს ეგ არისო. 86 წლამდე ამ რეჟიმით იცხოვრა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე. ბოლოს, როდესაც აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და აღარც მეხსიერება, არასოდეს დავიწყებია "სუხიშვილების" პერიოდი, არც ერთი დეტალი. არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები". ახსოვდა ყველა კონცერტი, ყველა ჯილდო
81 წლის გოგი ხარაბაძემ თავისი უკანასკნელი განსასვენებელი, 20 აგვისტოს, მახათას მთაზე დაიდო.
პირადმა ტრაგედიამ მოწყვიტა ყველაფერს და როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, შვილმკვდარი უფალს დაუახლოვდა... მგლოვიარეთათვის პატრიარქი აუწონავი ნუგეშისმცემელია; მსახიობი ხშირად სტუმრობდა მას და ერთ-ერთ ვიზიტზე, რომელსაც საქმიანი ეთქმოდა, ასეთი რამ მოჰყვა;
გოგი ხარაბაძემ 14 წლის წინ „ბიბლიის“ პირველი სრული აუდიო ვერსია ჩაწერა, დაბადებიდან – აპოკალიფსის ჩათვლით. პატრიარქმა ორწლიანი ნაშრომი 2009 წლის 1 მაისს ჩაიბარა და მას "საუკუნის პროექტი" უწოდა. პროექტის პროდიუსერები მერაბ სანოძე, გიორგი ხარაბაძე (უმცროსი) და თამარ ცაგარეიშვილი გახლდნენ. ბუნებრივია, „ბიბლია“ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღვრობით ჩაიწერა. გოგი ხარაბაძე თითქმის ყოველ კვირა დადიოდა პატრიარქთან, ხშირად ესაუბრებოდა უწმინდესს, ლოცვა-კურთხევას იღებდა. მაქსიმალურად ემზადებოდა ამ პროექტისთვის. უზარმაზარი შრომა ჩადო, რომ მაღალ დონეზე შესრულებულიყო.
20 აგვისტოს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი თემო გოცაძე.
"ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო, ამბობდა. ძალიან დააკლდა, განიცადა და მალევე წავიდა კიდეც.
კი ვითომდა თავი ხელში აიყვანა, კუს ტბაზე დადიოდა, რომ გაევლო, გამოევლო, თითქოს სიძლიერე გამოიჩინა, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.
მე ვფიქრობ, რომ მარინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემოს სიცოცხლე გახანგრძლივდებოდა. მამაკაცი უფრო სუსტია, მოსავლელია, ამიტომ თემოს მარინა ძალიან დააკლდა, განიცადა და დაეტყო კიდეც; საყვარელი ქალის წასვლის შემდეგ, თავადაც საკმაოდ მალე წავიდა... " - ნანა ფაჩუაშვილი თემო გოცაძეს იხსენებს
ინგა ფერაძე 9 ოქტომბერს ბრიუსელში გარდაიცვალა. უკანასკნელი განსასვენებელი მახათას მთაზე, პანთეონში დაიდო... დრამატიზმით სავსე, დუდუკის ხმოვანი ვოკალის მუსიკოსი, მონატრებულ მშობლიურ მიწას საუკუნოდ შეუერთდა.
პერიოდულად ქალაქ ბრიუსელში ევანგელისტურ ეკლესიაში გალობდა.
ადამიანი, რომლის კეთილშობილებასაც არანაირი საზღვარი არ გააჩნდა, უანგაროდ ბოლომდე ერთგული... ყველაზე დიდი ოცნება საქართველო, სიმღერა იყო.
28 ოქტომბერს შეუცვლელი არსაკიძე აღესრულა. კაცი, რომელმაც ისე განასახიერა ეს გმირი, რომ მას მართლა სვეტიცხოვლის აღმშენებელთან აიგივებდნენ.
თენგიზ არჩვაძემ 91 წელი ისე გაატარა ამ მღვრიე წუთისოფელში, რომ არ გასვრილა.
"სულს აღზრდა უნდა. დღეს ვერ იცლიან ამისთვის თუ არ იცლიან, არ ვიცი. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ამის გარეშე კი... ერთ მეგობარს ვუთხარი: რა არის, სულ ღორივით (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვა) ძირს რომ იყურები, საშოვარზე. აიხედე, ნახე რა ზეცაა; შენ ისე ცხოვრობ, ცა არ გინახავს-მეთქი!
მე სულ ზეპირად ვიცოდი ცარგვალის განლაგება, ირმის ნახტომი, დიდი დათვი, პატარა დათვი... თუშეთში ცეცხლს დავანთებდი, ნაბადში გავეხვეოდი და გარეთ ვწვებოდი დასაძინებლად, იმიტომ კი არა, რომ სახლში არ შემეძლო ღამის გათევა, გარეთ ცას მივჩერებოდი. ვუყურებდი, როგორ მოგზაურობდა ცისკრის ვარსკვლავი. მეც მათთან ერთად ვსერავდი ცის კაბადონს...
სამზეოსკენ უნდა გაიხედო. იცით, რა არის სამზეო? მე კუს ტბაზე დავდიოდი ფეხით. იქ, ზევით, კაკლები ხარობს... უძოზეც ავდიოდი ხოლმე. იქიდან კოჯრამდე კილომეტრ ნახევარიღა რჩება. მზის ამოსვლას ვასწრებდი იქ ასვლას. რომ გადმოიხედავ და მზე ამოდის - ეს არის სამზეო. მატერიალურს აბსოლუტურად არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი რომ წამართვან, ამისი ნახვის უფლებას თუ დამიტოვებენ, უბედნიერესი კაცი ვიქნები. ეს უნდა შეიგრძნო. ბედნიერებას დანახვა უნდა. უნდა განასხვავო ღირებული და ნაკლებად ღირებული" - თენგიზ არჩვაძე.
27 ოქტომბერს ბათუმში ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე გარდაიცვალა.
საერთაშორისო კინო ფესტივალის - "ბიაფის" წყალობით, ბათუმი მსოფლიო კინო რუკაზე რომ მოხვდა, ამაში დიდი წვლილი ამ ხელოვანსაც მიუძღვის. გიორგის მიერ დაარსებული "ბიაფის" ფარგლებში, ხავერდოვან სეზონზე, ბათუმს მართლაც მსოფლიო დონის კინო ხელოვანები სტუმრობდნენ და შავი ზღვისპირა ლამაზი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ეცნობოდნენ.
48 წლის ხელოვანი, ბოლო ერთი წელი, მძიმე სენს ებრძოდა.
ირაკლი კიკვაძე: სათნო და კეთილი ადამიანი გახლდათ. ყველა იცნობს, როგორც რეჟისორს და ხელოვანს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გიორგი ხატებს წერდა ტაძრებისთვის.
მე რომ ბოლოს ვნახე მამა გაბრიელის დიდ ხატზე მუშაობდა.
14 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა ზვიად სვანაძის გარდაცვალება ამცნო საზოგადოებას.
მაკა შალიკაშვილი: ზვიადი ნიჭიერი მსახიობი იყო. "მაკბეტში", სადაც მიწვევით მეც ვთამაშობ, მას პატარა როლი ჰქონდა, მაგრამ იმ როლთან მიდგომაც ჰქონდა ძალიან ღირსეული, პროფესიონალური. მე ჩასული ვიყავი ქუთაისის თეატრში და ის იქაური და მნიშვნელოვანია, რომ შემხვდა თბილად.
მსახიობის შვილი იყო. თვითონაც ნიჭიერი მსახიობი...
იყო მორიდებული, მშვიდი, დიდი ადამიანი... ჩვენ სულ ლექსებზე ვლაპარაკობდით. ძალიან უყვარდა ლექსები...
ქართულმა საოპერო სამყარომ, წლის მიწურულს, 3 დეკემბერს დაკარგა ლეგენდა სახელად მედეა ამირანაშვილი. მომღერალი, რომელსაც ახალგაზრდა თაობის დიდ გულშემატკივრად და ქომაგად აღიარებდნენ.
უკანასკნელ დღეებში მეგობრებს ღიმილით მასპინძლობდა. ამ ღიმილში კი ერთად განვლილი წლების აღმართ-დაღმართი და სითბო იმალებოდა...
იმერი კავსაძე: პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო იყო კონსერვატორიაში. მეორე დღეს მედეას შვილმა, მარინა ფარულავამ სახლში მიგვიწვია მე, რეზო ტაბიძე და ემზარ გეწაძე. ვნახეთ მედიკო. ეს იყო ბოლო ნახვა...
ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა. იმერი ვარ, ხომ გახსოვარ? ერთად რომ ვმღეროდით-მეთქი? მის თვალებში სითბო ვიგრძენი და გამიღიმა. ამ ღიმილში ჩვენი შეხვედრები და მეგობრობა იყო... ეს იყო ჩემთვის შთამბეჭდავი და.. ალბათ, ეს უკანასკნელი შეხვედრა და ღიმილი, არასდროს დამავიწყდება.
ყველა გვიცნო, ყველაფერს ხვდებოდა, თვალებით, ღიმილით ვატყობდით, რომ ჩვენთან იყო, მაგრამ ვერ მეტყველებდა...
მედიკო ჩემს მეხსიერებაში ჩარჩება როგორც დიდი მუსიკოსი, მომღერალი და ჩვენი ერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ქართული მუსიკალური სამყაროს ლეგენდა წავიდა ჩვენგან.
12 დეკემბერს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე.
ჯაზის დიდ გულშემატკივარსა და მოყვარულს, დღეს არა მხოლოდ ლიტერატურული წრე მისტირის, არამედ ჯაზმენებიც...
მიხო მოსულიშვილი: ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით... 2012 წელია და ზურას ვხვდები უცებ, სახელდახელოდ.
მეთქი, ზურა, შენი შარშან დაწერილი Dagny, or a Love Feast წავიკითხე... ერთ საიტზე იდო, იქიდან გადავიწერე და ისე.
მართლაო, - უკვირს, - მართლა წაიკითხეო? ინგლისურადო?
შენ ხო იცი, როგორი გაჭირვებული ინგლისურიც ვიცი, მაგრამ რაც გავიგე, - მაგარ!
თან სჯერა, თან ეეჭვება ცოტაც...
და მეთქი, ხო იცი, დამაინტერესებდა ძალიან და შენ რომ მანდ ვაჟა-ფშაველა გამოიყვანე, ზუსტად ეგ არი...
ჰოო?
ვახ, კი მეთქი, კი! აბა რა!
შენ ხო მაგისი ბიოგრაფია დაწერე და ვაჟაზე რომ მაგას მეტყვი, მართლა კაია მაშინო...
მარტო ვაჟათი კი არა, თავისი გურჯიევიან-სტალინიანად და დაგნიანად და ყველა დანარჩენებიანად მაგარია მეთქი...
გაიხარე, გაიხარეო, მე მიბარებს და თავად არის გახარებული...
აი, ეგეთი გახარებული ზურა მაგონდება ჩვენი მრავალგზისი შეხვედრებიდან...
და დიდი ტკივილიც აქვეა, რომ ნაადრევად და მოულოდნელად წავიდა მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარის ერთი საუკეთესო მწერალი და ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით...
ასევე დაგაინტერესებთ:
კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება
"სიყვარული არის ზრუნვა...“ - კახის და ანუკის უთბილესი კადრები