1733828422
კულტურის სამინისტრო სახალხო მხატვრის, თემო გოცაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახალხო მხატვრის, თემო გოცაძის გარდაცვალების გამო.
„გამორჩეული ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თემო გოცაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თემო გოცაძე სამხატვრო აკადემიაში აპოლონ ქუთათელაძის სახელოსნოში სწავლობდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, პირველი ნამუშევარი „ლურჯა ცხენები“ საგაზაფხულო გამოფენაზე წარადგინა. მის ფერწერაში მთავარი ადგილი უჭირავს მითოლოგიურ სიუჟეტებს, სიმბოლურ ხატებს, პატრიოტულ თემებსა და აბსტრაქციებს. თემო გოცაძეს შექმნილი აქვს დიდი ფორმატის, მონუმენტური ხასიათის ფერწერული ნამუშევრები.
მონუმენტური მხატვრობის ნიმუშებს შორის აღსანიშნავია: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა (1998), „ფიროსმანი“ (ახალგაზრდული ქალაქი შავნაბადა, 1979), მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი (თბილისი, 1980) და სხვ.
1983-1988 წლებში ის იყო საქართველოს „მხატვრის სახლის“ დირექტორი, 1988-1995 წლებში – საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, 1988-2005 წლებში – საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების, „სურათების ეროვნული გალერეის“, გენერალური დირექტორი.
1994 წლიდან ასწავლიდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, შემდეგ – თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში.
თემო გოცაძის თაოსნობით ეროვნულ გალერეაში მუდმივად ეწყობოდა ქართველ მხატვართა საგაზაფხულო და საშემოდგომო ექსპოზიციები, პერსონალური და თემატური გამოფენები. მხატვარი წლის მანძილზე აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. მის სახელს უკავშირდება მხატვართა თაობების გაზრდა და შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა.
თემო გოცაძემ გამართა არაერთი პერსონალური გამოფენა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მხატვრის კოლექციები დაცულია მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მადლიერებით მიაგებს პატივს თემო გოცაძის ხსოვნას და თანაუგრძნობს ოჯახს, კოლეგებს, საზოგადოებას“,- აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.