„ხულუტის „ციხის სიზმარი“ ახდა“ – ისტორიულ ციხე-დარბაზში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ხულუტის ციხე

 ხულუტის ციხე-დარბაზში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღდგენილია ისტორიული კომპლექსის წყლის საიდუმლო რეზერვუარი, ხოლო მარანში შემორჩენილი ქვევრები გაწმენდილია და დაზიანებისგან დაცულია. 28 ოქტომბერს საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ საზოგადოებას ძეგლის ახლად რეაბილიტირებული სივრცეები წარუდგინა.

გახსნის ღონისძიების ფარგლებში მსახიობმა ზვიად დოლიძემ ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხა, ხოლო ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წარმომადგენლებმა ისტორიული ამბები ავთენტიკური სამოსითა და სანახაობრივი წარმოდგენით გააცოცხლეს. საქართველოს ჰიმნის ფონზე ციხე-დარბაზის კედლებზე საქართველოს დროშის ფერები გადმოეფინა.

„ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანია, კულტურულ ძეგლებს არა მხოლოდ პირვანდელი სახე დავუბრუნოთ, არამედ, ისინი ქვეყნის ცოცხალ ისტორიულ და ტურისტულ რუკაზე დავაბრუნოთ. ხულუტის ციხე-დარბაზი არის ადგილი, რომელიც საქართველოში ჩამოსული თითოეული სტუმრისთვის აუცილებლად სანახავი და საამაყო სივრცე უნდა გახდეს. თითოეული გადარჩენილი ძეგლი ჩვენი ისტორიისა და მომავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელსაც პატრონობითა და სიყვარულით უნდა გავუფრთხილდეთ. კულტურული მემკვიდრეობით არა მხოლოდ უნდა ვამაყობდეთ, ის უნდა გვიყვარდეს კიდეც და ვპატრონობდეთ“, - აცხადებს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე. 

   

„სამუშაოები აქტივისტების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ნებართვით, 14 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდა. პროექტის მთავარი მიზანი ხულუტის ციხე-დარბაზის ორი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობის – წყლის საიდუმლო რეზერვუარისა და მარნის – გადარჩენა და შენარჩუნება იყო.

ისტორიული წყლის რეზერვუარი, რომელიც ციხეს საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა

ხულუტის ციხის გარეთ, კლდის ძირში, მდინარე ქციის (ხრამის) ძველ კალაპოტში მდებარე წყლის რეზერვუარი უნიკალური ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაა. ისტორიული მონაცემებით, ის თავდაპირველად ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. მისი სქელი კედლები მტკიცე კლდის წყობითა და კირის დუღაბით იყო აგებული, რაც წყლის შეკავებასა და ნაგებობის მდგრადობას უზრუნველყოფდა.

რეზერვუარის მეორე სართულს ქვის გუმბათოვანი გადახურვა აგვირგვინებდა. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნაგებობა ციხეს საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა და მთელ კომპლექსს უსაფრთხო, ავტონომიური წყალმომარაგებით უზრუნველყოფდა.

წლების განმავლობაში ისტორიული ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. მორღვეული იყო მეორე სართულის დიდი ნაწილი, ჩამოშლილი იყო ფასადური ღიობები, ხოლო ტერიტორია დაგროვილი ნარჩენების გამო ფაქტობრივად ნაგავსაყრელად იყო ქცეული.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყლის საიდუმლო რეზერვუარი სრულად აღდგა.

 

ციხის მარანი და საუკუნეების განმავლობაში შემორჩენილი ქვევრები

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ხულუტის ციხე-დარბაზის ისტორიული მარნის დაცვა იყო.

გალავნის შიგნით მდებარე მარანი 2020-2023 წლებში, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში აღმოაჩინეს. ნაგებობა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოიჭრა და ტონობით მიწა გაიტანეს.

მარანი ერთსივრციანი, წაგრძელებული მართკუთხა ნაგებობაა, რომლის კონტურებიც კლდოვანი ფერდობის რელიეფს მიუყვება. ვარაუდობენ, რომ ის თავდაპირველად ორსართულიანი იყო, თუმცა მეორე სართული დღემდე აღარ შემორჩენილა.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც. ისტორიული ქვევრები ხშირად ზიანდებოდა, მათი უმრავლესობა კი წყლით, საკვების ნარჩენებითა და თუნუქის ქილებით იყო სავსე.

რეაბილიტაციის ფარგლებში, არქეოლოგის ზედამხედველობით, მარანში მიწის ზედაპირი 12-15 სანტიმეტრით მოიხსნა, რათა შემორჩენილი ქვევრების პირები გამოჩენილიყო. ყველა ქვევრი ნარჩენებისგან გაიწმინდა და სპეციალური ნაწრთობი მინით დაიფარა.

მარნის შესასვლელთან მოეწყო ხის სპეციალური გადასახედი ბაქანიც, რომელიც ვიზიტორებს ისტორიული სივრცის დათვალიერების შესაძლებლობას მისცემს და, ამავდროულად, ნაგებობას დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებისგან დაიცავს.

სამუშაოების დასასრულს ხულუტის ციხე-დარბაზის ტერიტორიაზე გენერალური დასუფთავება ჩატარდა. განახლდა ციხის კარებებისა და მოაჯირების საღებავიც.

 

ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. აქტივისტების ინიციატივით, ძეგლზე მასშტაბური სამუშაოები 2021-2023 წლებში მიმდინარეობდა.

უშუალოდ აღდგენით პროცესს წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი: ძეგლის სკანირება, გეოლოგიური და კედლის ქვის კვლევები. ციხე-დარბაზის ტერიტორია გაიწმინდა ხე-მცენარეებისგან, მოეწყო ძეგლამდე მისასვლელი ბილიკი, რამაც ისტორიული კომპლექსის დათვალიერება ვიზიტორებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადა.

ხულუტის ციხე-დარბაზი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს.

2019 წელს აქტივისტებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ძეგლზე განხორციელებული ყველა სამუშაო, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს, სრულად კომპანია „არემჯიმ“ დააფინანსა. სამუშაოების შემსრულებელი შპს „ინდუსტრია“ იყო“, - ნათქვამია „საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინფორმაციაში.

XVII საუკუნის ციხე-დარბაზი უნიკალური არქიტექტურითა და ისტორიით

ხულუტის ციხე-დარბაზი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის (ქციის) ხეობაში მდებარეობს. ისტორიული კომპლექსი XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ქციის მარცხენა ნაპირზე, „დიდ ყაფლანად“ წოდებულ ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილს აუგია.

ციხეს თავის ნაშრომში ვახუშტი ბატონიშვილიც იხსენიებს.

კომპლექსი რამდენიმე კოშკს, სასახლესა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსო ნაგებობას აერთიანებს. მათ შორის განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა შვიდსართულიანი კოშკი, რომელიც როგორც მასშტაბით, ისე მხატვრულ-კომპოზიციური გადაწყვეტით კომპლექსის ყველაზე გამორჩეული ნაწილია.

განსაკუთრებით საინტერესოა კოშკის კიბის უჯრედის დაგეგმარება, რომლის ანალოგიც ამ ტიპის სხვა ისტორიულ კომპლექსებში არ გვხვდება.

XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ხულუტის ციხე-დარბაზი ორბელიშვილ-ყაფლანიშვილების რეზიდენციას წარმოადგენდა.

ციხის აგებას საინტერესო ისტორიული გადმოცემაც უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, შაჰ-აბასის ყორჩიბაშს, სახელად ვახტანგს, თავისი ძმისწულის, ყაფლანისთვის უთხოვია, ერთ-ერთი შვილი აღსაზრდელად მიებარებინა.

წლების შემდეგ ყორჩიბაშს აღზრდილი სამშობლოში ფულითა და წერილით გამოუგზავნია. წერილში ნათქვამი ყოფილა: „თუმც მაჰმადიანი ვარ, მაგრამ ჩემი გული ქრისტიანობისგან არ შეცვლილაო“. გამოგზავნილი თანხა ფიტარეთის ეკლესიის შესამკობად ყოფილა განკუთვნილი.

გადმოცემის მიხედვით, ყაფლანს ამ ფულით ხულუტის ციხე აუგია, რათა თავდასხმებისგან თავი დაეცვა. როდესაც ამის შესახებ ყორჩიბაშს შეუტყვია, ფიტარეთის მონასტრის დასამშვენებლად კიდევ უფრო დიდი თანხა გამოუგზავნია.

ხულუტის ციხის ამგები ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილი, რომელსაც 60 სოფლის აშენება და დასახლება მიეწერება, ფიტარეთის მონასტერშია დაკრძალული.

დღეს ხულუტის ციხე-დარბაზის რეაბილიტირებული სივრცეები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ისტორიული კომპლექსის არქიტექტურულ და კულტურულ მნიშვნელობას. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გადარჩენილია ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილები, ხოლო დამთვალიერებლებს მისი ისტორიის გაცნობა უფრო უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ.

✕