„ჩემი პოპულარობითა და გარეგნობით არასდროს მისარგებლია...“ - ნუგზარ შარია

ნუგზარ შარია

შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოება სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ნუგზარ შარია.

გთავაზობთ, ინტერვიუს არქივიდან, რომელიც „პრაიმტაიმმა“ ნუგზარ შარიასთან 2013 წელს ჩაწერა.

„ჩემი პირველი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იყო. 15 წლის ვიყავი „ოთარაანთ ქვრივს“ რომ იღებდა. მე მოჯირითე ვიყავი. წინანდალში ვიღებდით, 1 სექტემბერს მამამ რომ ჩამომაკითხა, სკოლა იწყებოდა.

დამიტოვე შენი შვილი, კარგ მსახიობად გავზრდიო, უთხრა. მერე სოფიკო ჭიაურელთან, მალხაზ გორგილაძესთან, არიადნა შენგელაიასთან ერთად ვითამაშე ფილმში „ენგურის ნაპირებზე“.

ჭიაურელმა მითხრა, ეგ ფილმი არ ვარგა, თუმცა შენ აღმოჩენა ხარო. ეგ როლი დაივიწყე; თუ ბედი გეწია და მეორე როლი შემოგთავაზეს, ტექნიკა ერთი ფილმიდან მეორეში უნდა გადაიტანოო. 19 წლის ვიყავი, პირველკურსელი.

ეს სიტყვები სამუდამოდ ჩამრჩა. ასე ვითამაშე 37 ფილმში. 26 წლის ასაკში დამსახურებული არტისტის წოდება მომანიჭეს. ყოფილ საბჭოთა კავშირში ჩემი კინოეპოპეა მაშინ დავასრულე. სიკო დოლიძის „პალიასტომის ტბაში“ ყაჩაღი დარჩია ვითამაშე.

ასეთი დამთხვევა იყო. გლეხი ივანე ეკითხება – საით გაგიწევია დარჩია? რა ვიცი, ბატონო, წავალ, ქვეყანა დიდიაო. ასე ასრულდა ჩემს ცხოვრებაში, აქედან წასვლა მომიხდა… „ხევისბერი გოჩა“ ქართული კინოხელოვნების ნიმუშად არის ქცეული.

გადაღებამდე მთელი სცენარი სარეპეტიციო დარბაზში თავიდან ბოლომდე გავიარეთ. ამიტომ გამოვიდა ფილმი. უკვე ნამუშევარი გვქონდა მასზე. რუსთაველის თეატრში ერთადერთი როლი ვითამაშე „ამირანში“ აკაკი ხორავასთან და ლეილა აბაშიძესთან ერთად. პრემიერაზე აკაკი ხორავამ შუბლზე მაკოცა“.

– ძალიან სიმპათიური მამაკაცი იყავით და ალბათ, ქალთა არმია თავს გეხვიათ…

დედამ მითხრა ერთხელ, შენ ქალებმა დაგღუპეს და ალბათ, ისევ ქალები თუ გადაგარჩენენო. გამოვიდა, რომ ქალებმა გადამარჩინეს… ქალების საკითხში მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ძალიან კორექტული ვიყავი. ჩემი პოპულარობითა და გარეგნობით არასდროს მისარგებლია.

საბჭოთა კავშირის მოღალატე
„მერე იყო რუსეთი… უმაღლესი სარეჟისორო კურსები დავამთავრე. სამი წელი ვცხოვრობდი სარდაფში. რეჟისორებს საერთო საცხოვრებელს არ აძლევდნენ.

ლეონიდ ტრაუბერგის მოწაფე ვიყავი. არ უნდოდა ჩემი მიღება, შენი გარეგნობის ქართველი კაცი რესტორან „არაგვში“ იქეიფებს და ქალებში დროსტარებას გადაჰყვებაო.

გადავიღე სადიპლომო ფილმი „შუადღე“, რომელიც ანტისაბჭოთა ფილმად მონათლეს. იქიდან თბილისში დაბრუნებული აღარსად მიმიღეს: არც კინოსტუდიაში, არც თეატრში, სცენარი დამიბლოკეს, შტატში არ ჩამრიცხეს, ხელფასი არ მომცეს. ფარაჯანოვმა სომხეთში გამიშვა სათამაშოდ.

მერე შუა აზიაში ვიყავი, 18 ფილმში ვითამაშე. იქაც მომხსნეს როლიდან. ალბათ, ნიჭით ვჯობნიდი… ამიტომ 1970 წელს საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვე. 15 წუთში მომცეს. მხოლოდ ღმერთი იყო ჩემს გვერდით.

გოგი ჩხეიძემ შემიკედლა. თერთმეტ თვე-ნახევარი დავყავი პარიზში. 1976 წელს ანდრეი გრომიკომ საბჭოთა მოქალაქეობა გამიუქმა, საჭოთა კავშირის მოღალატისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.

დახვრეტა მომისაჯეს… მოსკოვიდან საქართველოში გამოგზავნეს ჩემი საბუთები. ამით მოსკოვმა ხელი დაიბანა. ანუ თუ გამასამართლებდნენ, აქ უნდა დავეხვრიტე. ცხონებული დედა და ძმა ზვიად გამსახურდიასთან მივიდნენ.

მაშინ არ იყო პრეზიდენტი. პროკურატურაში შეიტანეთ საქმე ნუგზარის რეაბილიტაციის შესახებო, ურჩია. 1989 წელს თბილისის სასამართლომ დახვრეტის მუხლი მომიხსნა.

მერე ბატონმა ზვიადმა მომიწვია საქართველოში, საბჭოთა საელჩო კი ვიზას არ მაძლევდა. მოსკოვმა არ იცოდა, რომ მე რეაბილიტირებული ვიყავი“.

ანა კალანდაძე

„ამერიკის ელჩმა პარიზში მითხრა, რატომ დარჩით აქ? მოსკოვში დავამთავრე სარეჟისორო. ჩავედი საქართველოში და იქ ყველა კარი დამიხურეს-მეთქი. გამოდის, უმუშევრობის გამო ითხოვთ თავშესაფარსო. მიბრძანდით რადიო „თავისუფალი ევროპის“ ამერიკის ბიუროში და მუშაობის დაწყება სცადეთო.

პირველი გადაცემა რუსულ ენაზე გავაკეთე და დამიწუნეს. „კაგებეს“ მე, მიშა კობახიძე და ოთარ იოსელიანი შავ სიაში ვყავდით. ეს გადაცემა ანტირუსულად ჩათვალეს. მერე რამდენიმე ქართული გადაცემა მქონდა… მერე მივიღე საემიგრაციო ვიზა და ამერიკაში წავედი.

თურმე, ანა კალანდაძეს გულის ჯიბეში სდებია ჟურნალიდან ამოჭრილი ჩემი სურათი და ჩემ რადიოგადაცემებს საბნის ქვეშ უსმენდა. ეს დაუვიწყარი მოვლენაა ჩემთვის.

ჩემი პირველი გადაცემა რადიო „თავისუფალ ევროპაში“ მქონდა სათაურით – „საბჭოთა სამართალი ანუ სასამართლო მიდის განაჩენის გამოსატანად“ – ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გურამ დოჩანაშვილის პირველ დაპატიმრებაზე.

ასეთ ეროვნულ პროგრამებს ვიწყებდი გიტარის თანხლებით და სიმღერით – „საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველოო სად არის“, ანუ ანას ლექსით… და ის კიდევ, თურმე, ჩუმად მისმენდა, საბნის ქვეშ… აი, ასეთი დამთხვევა იყო. ეს მე მისი დისშვილისგან გავიგე…“

- მძაფრია ნოსტალგიის განცდა ოკეანის გადაღმა?

– არც ერთი წამი საქართველოს გარეშე არ მიცხოვრია, მიუხედავად იმისა, რომ 43 წელი აქ არ მიცხოვრია. ვმუშაობდი რადიო „თავისუფალ ევროპაში“, რადიო „თავისუფლებაში“, „ამერიკის ხმაში“, ნიუ- იორკის ტელევიზიაში, ვაშინგტონის ტელევიზიაში, „ნიუ- იორკ ტაიმსში“… გახლავართ ბარაკ ობამას მიერ თეთრი სახლის აკრედიტებული წარმომადგენელი საქართველოს საკითხებში.

მაქვს მისი წერილი – „დარწმუნებული ვიყავი გვერდში ამოგვიდგებოდი ამერიკის შეერთებული შტატების წინსვლაში დიდი დემოკრატიისკენ“.

გაოცებული ვიყავი, რომ მე ნობელის პრემია მომანიჭეს – ობამებისგან 2009 წლის 15 დეკემბერს მოსალოცი წერილი მივიღე – „იმედი მაქვს თქვენთან მჭიდრო პოლიტიკურ-მორალური კავშირით შევძლებ ამერიკელ ხალხს დიდი სამსახური გავუწიო ყველა იმ საკითხებში, რის წინაშეც ჩვენი ერი დგას, რისთვისაც მადლობას გიხდით.

იმედია, თქვენთან ერთად მძიმე ამოცანას დავძლევ“. ასევე მაქვს ბილ კლინტონის აკრედიტაცია და მილოცვა პენსიაზე ადრე გასვლასთან დაკავშირებით. ამერიკელი ხალხის სახელით მადლობას მიძღვნის ჩემი ღვაწლისთვის რადიო „თავისუფლებაში“ მუშაობისთვის.

მაქვს ზვიად გამსახურდიას სამუდამო აკრედიტაცია, როგორც საქართველოს წარმომადგენლის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ედუარდ შევარდნაძის მთავრობისგან მონიჭებული მაქვს სრული აკრედიტაცია, რასაც მაშინ საქართველოს ელჩი თედო ჯაფარიძე ადასტურებს.

მადლობას მიძღვნის მარშალი შალიკაშვილი, რომ მე 25 წელი ვითანამშრომლე რადიო „თავისუფალ ევროპასთან“ და რადიო „თავისუფლებასთან“, „ამერიკის ხმასთან“.

ფირფიტა სახელწოდებით „ნუგზარ შარია და მისი გიტარა (საბჭოთა ანდერგრაუნდი)“ 1973 წელს, ამერიკის კულტურის სამინისტროს და ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის მიერ გამოიცა.

ნიქსონმა პირადად გადასცა ლეონიდ ბრეჟნევს ეს 50 ფირფიტა. ამ ალბომში ვისოცკის შემოქმედებას ვასრულებ.

როდესაც ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი გარდაიცვალა, 1977 წლის 27 დეკემბერს, „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაიბეჭდა ჩემი სტატია სათაურით „დღე, როდესაც სტალინმა ჩაპლინის ფილმებს სიცილი აუკრძალა“.

შტატების მაშინდელმა ელჩმა სტალინს ჩაპლინის „დიდი დიქტატორი“ აჩვენა. ძალიან მოეწონა კადრები, სადაც მუსოლინი და ჰიტლერი ამწეთი ადიან. ბავშვივით იცინა. მაგრამ გაიგონა თუ არა მონოლოგი – დიქტატორების დრო დამთავრდაო, სტალინმა თქვა – ჩაპლინები არ მჭირდებაო.

ამ სტატიას ამერიკის ხმაში გაუთავებელი წერილები მოჰყვა. 300 მილიონმა ადამიანმა გაიგო, რატომ იქნა აკრძალული ჩაპლინის ფილმები საბჭოთა კავშირში. ბროდვეის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ძია ვანია“ მუსიკალურად გავაფორმე.

ამის შემდეგ ნიუ-იორკის ბროდვეის თეატრის ისტორიაში შემიყვანეს, როგორც საუკეთესო მუსიკალური გამფორმებელი. დიუკ ელინგტონის და ლუი არმსტრონგის პროდიუსერი იყო ჯო გლეიზერი.

იგივე სახელისა და გვარის იყო პროდიუსერი, რომელთანაც მე ჩემი ფირფიტა ჩავწერე. ამიტომ გლეიზერის გამო მოუსმინა ჩემს ფირფიტას დიუკ ელინგტონმა. გასაცნობად სახლში მიმიწვია. ჩვენ ერთად დავუკარით „მზე შინა და მზე გარეთა“.

ჩემი თხოვნით ნოტები დაწერა და ხელი მოაწერა. ეს ნოტები მუზეუმში ინახება. ელინგტონი თავის ანდერძში წერს: „როდესაც ნიკი (ასე დამარქვა) შარია უკრავს ფორტეპიანოზე, ის არ უკრავს თითებით, ის გულით უკრავსო“.

მან ორი თეთრი როიალი მაჩუქა, ერთი მის ბინაში დევს ნიუ- იორკში, არ წამომიღია. მეორე ჩემს სახლშია ფლორიდაში. 1976 წელს ჩემი უეცარი გასტროლები მოეწყო ისრაელში.

თვითმფრინავი თელ ავივში უნდა დამჯდარიყო, რომ უცებ ქრისტე გამომეცხადა! ღიმილით თითქოს მასთან მიხმობდა. დაახლოებით 200 ადამიანი დამხვდა ტრაპთან – ქართველი ებრაელობა და სკანდირებდნენ – ნუგზარ, ნუგზარ! იმ დროს დახვრეტა მქონდა მისჯილი და ეს ყველაფერი ხომ არ მელანდება-მეთქი, ვფიქრობდი.

ჩემი სოლო კონცერტები იყო დაგეგმილი და ათი ათასი ბილეთი ათი დღით ადრე იყო გაყიდული. ათ კონცერტზე სულ 50 ათასი მაყურებელი დამესწრო. ისინი ჩემთან კი არა, საქართველოსთან მოვიდნენ…

გარდა იმისა, რომ 4 პრეზიდენტის მიერ აკრედიტებული გახლავართ, ვარ იერუსალიმის დროშის მფლობელი. ისრაელის საპატიო მოქალაქე. საქართველოს, აშშ-ს მოქალაქე. ქუთაისის საპატიო მოქალაქე… მაგრამ ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ანა კალანდაძის ისტორიაა…

შვილები
„ჩემი უფროსი ქალიშვილი, 43 წლის ნესტან შარია გარდაიცვალა. 22 სექტემბერს უნგრეთში დიდ ოპერაციას ვიკეთებდი და ეს დამიმალეს.

ეჭვი ჰქონდათ კიბოზე და არ აღმომაჩნდა. ოპერაციის წინ რომ ეს ჩემთვის ეთქვათ, ამას ნამდვილად ვერ გადავიტანდი.

ნორმალური ადამიანისთვის ძნელად გასაგებია რასაც ახლა ვიტყვი: ვინაიდან ჩემმა ქალიშვილმა უჩემოდ 43 წელი გაატარა, ის ჩემთვის დღესაც ისეთივე ცოცხალია, როგორც ორი წლის წინ იყო.

ის უჩემოდ გაიზარდა. ჩემთვის ჩემი შვილი არ არის გარდაცვლილი, ის ჩემთანაა.

ნესტანის დედა, მსახიობი ლია გუდაძე, ჩემი პირველი მეუღლე იყო. ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და მალე დავშორდით.

ორ წელზე ნაკლები გავატარეთ ერთად. მერე ირა ჭილაძე შევირთე ცოლად. მასთან ერთად მანამ ვიცხოვრე, სანამ უცხოეთში წავიდოდი. ჩემი ვაჟი ზურიკო ორ წლინახევრის დავტოვე“…

სიყვარული

„1994 წელს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა სერბი მართლმადიდებელი, ის ახლა ჩემი მეუღლე – სოფია შარია გახლავთ. 1995 წლიდან ფლორიდაში ერთად ვცხოვრობთ. ამჟამად თავის სამშობლოში, იუგოსლავიაში გახლავთ.

საქართველოში იყო ჩამოსული. 16 წლის იყო დასავლეთ ბერლინში რომ ჩავიდა და გერმანულ რესტორანში დაიწყო მუშაობა. დღეს 11 რესტორნის მეპატრონეა.

მიუნჰენში ჩემი სიყვარულით გერმანული რესტორანი ქართულ რესტორნად გადააკეთა და „სოფია“ დაარქვა. ძალიან მაგარი რესტორანი გააკეთა. პროფესიულ დონეზე აკეთებს ხაჭაპურს, ხინკალს… ყველაფერს თვითონ აკეთებს.

დასავლეთში ბიზნესი ასეა, დრო არ არსებობს. 24 საათი მუშაობენ. სიყვარული? ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა. სიყვარული თუ თავდება, ცხოვრებაც თავდება. იმ 43 წლის მანძილზე მე სამშობლოს სიყვარულმა მომცა ცხოვრების იმპულსი და ძალა.

მე რომ მეკითხებიან, რამდენი წლის ვარ, ვპასუხობ: აქედან რომ წავედი, 29 წლის ვიყავი და მე დავრჩი 29 წლის. მე სამშობლოზე ფიქრში ვცხოვრობდი და ასაკიც არ მომმატებია“…

ინტერვიუ გამოქვეყნებულია „პრაიმტაიმის“ არქივიდან (ავტორი: თამარ გონგაძე / 2013 წელი – ივნისი)