ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს, დანიელე ბაროსს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ვიზიტის პერიოდში, საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
გიორგი მირცხულავამ აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრაზილიასთან კულტურული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და განსაკუთრებულად აფასებს რიო-დე-ჟანეიროს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრის როლს.
მხარეებმა კულტურის სხვადასხვა მიმართულებით ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს. ყურადღება გამახვილდა კინოს, თეატრის, სამუზეუმო, ლიტერატურული და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის საკითხებზე.
მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ბრაზილიას შორის განხორციელებულ წარმატებულ კულტურულ პროექტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, რიო-დე-ჟანეიროში, კლარო მაიზის თეატრში, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართება.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ მჭედლიშვილი, საელჩოს წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ბაკურაძე. ბრაზილიის მხრიდან კი რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრუნო კოსტა და რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი ადრიანა ნოვისი.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.