1747854625
საქმეში იდუმალი კაცი გამოვლინდა! - რა კავშირშია თბილისში დაკავებული 18 წლის სტუდენტი, შრი-ლანკაში დაკავებულ ნარკოტიკების კონტრაბანდისტთან

18 წლის ბელა მეი კალი, რომელსაც ოჯახი 5 მაისიდან ტაილანდში ეძებდა, თბილისის აეროპორტში 11 მაისს დააკავა პოლიციამ. ერთი დღის შემდეგ, შრი-ლანკის პოლიციამ 21 წლის შარლოტა ლი დააკავა, რომელიც ბრალდებულია 1.2 მილიონი ფუნტის ღირებულების ნარკოტიკების კონტრაბანდის მცდელობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შარლოტას ორი ჩემოდანი 46 კილოგრამი სინთეზური კანაფის შტამით იყო სავსე. ეს შტამი „ქუშის“ სახელით არის ცნობილი და 25-ჯერ ძლიერია ოპიოიდურ ფენტანილზე.
ორივე ბრიტანელი მოქალაქის საქმეში გარკვეული მსგავსებები გამოიკვეთა – ორივემ გამგზავრებისთვის ერთი და იგივე აეროპორტი გამოიყენა. ცნობილია, რომ ისინი ბანგკოკის სუარნაბჰუმის აეროპორტიდან გაფრინდნენ, სავარაუდოდ, მარტო. ორ საქმეს შორის შესაძლო კავშირი, სავარაუდოდ, საქართველოსა და შრი-ლანკის სამართალდამცველების ერთობლივი გამოძიების ფარგლებში გაირკვევა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაკავებამდე ორივემ ოჯახის წევრებს უთხრა, რომ უცნობ მამაკაცთან შეხვედრას გეგმავდა.
ბელამ ოჯახს გაუმხილა, რომ ფილიპინებში აპირებდა შეხვედრას მამაკაცთან, რომელიც ამ ქვეყანაში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან იყო გადმოსული.
შარლოტაც ტაილანდში გაემგზავრა და ნათესავებს აცნობა, რომ უცხო მამაკაცს უნდა შეხვედროდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის აეროპორტში ბელა კალის ბარგის შემოწმებისას სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 12 კილოგრამამდე მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში, რომლებიც ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო მოთავსებული.
ცოტა ხნის წინ ტაილანდის აეროპორტში ავსტრალიელი ტურისტიც დააკავეს – მისი ჩემოდნიდან 22 კილოგრამი მეტამფეტამინი ამოიღეს.