1733258119
მკვლელობა ვარკეთილში - მამაკაცმა მეგობარი ქალი სასიკვდილოდ მხოლოდ იმიტომ გაიმეტა, რომ ქალმა სასიყვარულო ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა
სასიყვარულო მრავალკუთხედი სასტიკი მკვლელობით დასრულდა. მოკლულია 49 წლის ეკა ჭიაბერაშვილი, რომელიც მეგობარმა მამაკაცმა სასიკვდილოდ მხოლოდ იმიტომ გაიმეტა, რომ ქალმა სასიყვარულო ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა. საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ბეჟან აბულაშვილია, დანაშაულის ადგილი კი ვარკეთილში მდებარე ნაგავსაყრელი. PS-მა გაარკვია, რომ ქალის დასახიჩრებული ცხედარი სწორედ ამ ადგილას ჯართის შემგროვებელმა მამაკაცმა, მკვლელობიდან ოთხი დღის შემდეგ იპოვა.
"რუსთავი 2-ის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბეჟან აბულაშვილმა ეკა ჭიაბერაშვილი მიუვალ ადგილას გაიტყუა, ნაგავსაყრელის სიღრმეში შეიყვანა და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მსხვერპლს ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ ბასრი საგნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ბოლოს, უსიცოცხლოდ მიწაზე დაგდებულ ქალს თავში ბეტონის დიდი ფილა ჩაარტყა. "პოსკრიპტუმმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბეჟან აბულაშვილი უმძიმეს დანაშაულის დეტალებს ჰყვება.
"ამომასხა და "რეიკა" იყო რაღაც, უნდა აეღო და დაერტყა... მერე მე დავარტყი, დაიჩოქა...“ - ამბობს ბეჟან აბულაშვილი.
მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ბეჟან აბულაშვილი მეგობართან რეკავს და სიამაყით ჰყვება იმას, რაც ჩაიდინა. გამოძიების მასალებში მეგობრის ეს ჩვენება დევს.
PS-მა მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე დღეშია გადაღებული. ბეჟან აბულაშვილი თავისი მსხვერპლის ორ მობილურ ტელეფონს ლომბარდში აბარებს. მას თან ახლავს სხვა მეგობარი ქალი. ლომბარდიდან აღებული ფულით, ორივე ბარში გასართობად მიდის.
ქალი, რომელიც PS-ს ინტერვიუზე დათანხმდა, საქმის მთავარი მოწმეა. მას, ისევე როგორც მოკლულ ეკა ჭიაბერაშვილს, ბრალდებულთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ მისი პირადობით დაალომბარდა ბეჟან აბულაშვილმა მოკლულის მობილური ტელეფონები. ბრალდებულმა ქალს დანაშაულის შესახებ უამბო და მოკლულის ფოტოც აჩვენა, თუმცა რესპონდენტი გვიყვება, რომ ისტორია არ დაიჯერა, ფოტო კი არარეალური ეგონა.
"მე მეგონა ფოტოშოპი, თორემ ასეთ მდგომარეობაში არ ვიცი, დღესაც ვერ გამიანალიზებია. ეჭვიც არ შემპარვია... მთლიანობაში იყო "გრუბი" ადამიანი და ეჭვიანობის ნიადაგზე ვუცემივარ... რამდენჯერაც ვუცემივარ, რომ ვეუბნებოდი მივმართავ პოლიციას-მეთქი, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ გამოვალ და "კასტილებით გატარებო. მომდევნო მსხვერპლი მე ვიქნებოდი, ალბათ," - ამბობს ქალი.
ეკა ჭიაბერაშვილის და საფლავზე პირველად მას შემდეგ გავიდა, რაც სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ბეჟან აბულაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გვამი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ოჯახს ამოცნობა გაუჭირდა. ნინო ჭიაბერაშვილი ჰყვება, რომ მის დას ჩამსხვრეული ჰქონდა ძვლები თავის, ზურგის და კიდურების არეში.
"მივედი ამოცნობაზე, შეუძლებელი იყო, ადამიანს რომ ვუყურებდი, იმ მომენტში ვერც აღვიქვი რას ვუყურებდი. სახის ძვლები სულ ჩამტვრეულ ჰქონდა. სახლშიც ვერ დავასვენე, იმიტომ რომ სამი საათის განმავლობაში უნდა დაგვესაფლავებინა... ძალიან სასტიკად იყო მოკლული, სურათი ჩემი ცხოვრების მანძილზე თვალებიდან არ ამოვა,“ - ამბობს ეკა ჭიაბერაშვილის და.
ბრალდებულმა სასამართლოში დუმილის უფლება გამოიყენა. ოჯახი ბეჟან აბულაშვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. თუმცა დედა "რუსთავი 2-თან" საუბარში ვერ აკონკრეტებენ თუ, სად იმყოფებოდა მკვლელობის დღეს მისი შვილი.
ბრალდებულის ადვოკატი ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს არ ეთანხმება, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უდანაშაულოდ მიიჩნევს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. სულხან კომახიძე არ გამორიცხავს, რომ ეკა ჭიაბერაშვილი სხვაგან მოკლეს, გვამი კი მოგვიანებით ნაგავსაყრელზე მიიტანეს. საქმის პროკურორი ამ ვერსიას აბსურდულს უწოდებს.
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ბეჟან აბულაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.