9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
კასპში მომხდარი უმძიმესი დანაშაულისთვის, სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი კაცი დააკავეს. 43 წლის ზურაბ ბურდულმა, ყოფილი ცოლი, 34 წლის თათია ლომინაძე სასიკვდილოდ გაიმეტა. კაცმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.
დანაშაული ე.წ. მირიანის დასახლებაში დღის 12 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ცეცხლმოკიდებული ახალგაზრდა ქალი სადარბაზოში დარბოდა და შველას ითხოვდა. მძიმე დანაშაული მამაკაცმა ყოფილი სიდედრის თანდასწრებით ჩაიდინა.
მეზობლები ამბობენ, რომ ცეცხლის ჩაქრობას ქალის სხეულზე 5 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ.
„ანთებული რაღაც ესროლა გოგოს, მოედო წამებში, დავიბენი, რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, ყვითელ ქვიშას ვაყრიდი, რომელიც იქვე ეყარა, მერე სახლში შევვარდი, ფარდა ჩამოვწყვიტე და გადავაფარე. უკვე მოდებული ჰქონდა ცეცხლი, 5 წუთამდე ეკიდა, მერე მეზობელმაც რაღაც ჩამოაგდო და ისიც გადავაფარე. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მოხდა. ხელები, სახე დამწვარი ჰქონდა...“, - ამბობს კაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ზურაბ ბურდული მეუღლეზე წარსულშიც ძალადობდა. წყვილი ერთმანეთს 4 წლის წინ დაშორდა, მათ საერთო შვილი, 8 წლის გოგონა ჰყავთ. კაცი ცოლს შერიგებას სთხოვდა და ეჭვიანობის ნიადაგზე დროდადრო ფიზიკურად უსწორდებოდა. ზურაბ ბურდულს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
„სამზარეულოში ვიყავი, შემომესმა მეზობელი კაცის განწირული ყვირილი... ცეცხლმოკიდებული თათია დავინახე, ასეთი რამ ფილმებში თუ მინახავს. თვალები სულ ამომწვარი ჰქონდა. გაშორებულები იყვნენ, არ ურიგდება და იმიტომ ექცევა ეგრეო, სცემსო, ეჭვიანობდაო. დედის თვალწინ სცადა მისი დაწვა. ძალიან კარგი გოგოა თათია, ვლოცულობთ, რომ გადარჩეს“,- ამბობენ ადგილობრივები.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ბურდულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე:
დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და შემდეგ მისი დაწვა სცადა - შსს განცხადებას ავრცელებს
როგორია ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომლის დაწვაც ყოფილმა ქმარმა სცადა - ექიმის კომენტარი