VIDEO: „მე წავედი“ - რატომ დატოვა ზურა ხაჩიძემ „იმღერეს“ სტუდია და რა მოხდა გადაცემაში
1790364600
პენსილვანიის შტატში, 43 წლის გიორგი ადეიშვილის წინააღმდეგ ქურდობისა და მოპარული ნივთების მიღების ბრალდებებია წარდგენილი. პოლიციის ინფორმაციით, ადეიშვილი ამჟამად დაკავების რამდენიმე ორდერით იძებნება.
შემთხვევა 2025 წლის 20 ნოემბერს მოხდა. უორინგტონის პოლიციის თანამშრომელმა „ისტონის“ გზაზე მოძრავი ავტომობილი შეამჩნია, რომელსაც დაბურული საქარე მინა და ნიუ-ჯერსის ვადაგასული დროებითი სანომრე ნიშანი ჰქონდა.
ავტომობილი მოგვიანებით რესტორან „ვენდის“ ავტოსადგომზე გაჩერდა. მძღოლი, რომელიც გიორგი ადეიშვილად, პენსილვანიის შტატის ქალაქ „მაუნთ ტოპის“ მცხოვრებად იდენტიფიცირდა, ავტომობილიდან გადავიდა და რამდენჯერმე გამოიცვალა ქურთუკი. შემდეგ მან ისტონის გზა გადაკვეთა და „ველი-სკვერის“ სავაჭრო ცენტრის მიმართულებით წავიდა.
ცოტა ხნის შემდეგ ადეიშვილი ავტომობილთან დაბრუნდა და ტერიტორია დატოვა. პოლიციამ ის „სტრიტ როუდისა“ და „მეიპლ ავენიუს“ ქუჩების მიმდებარედ გააჩერა.
ავტომობილში პოლიციამ ნიუ-ჯერსის რამდენიმე დროებითი სანომრე ნიშანი აღმოაჩინა. ადეიშვილმა ავტომობილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარადგინა, რის გამოც ავტომობილი ევაკუატორით გადაიყვანეს.
მანქანის შემოწმებისას პოლიციამ აღმოაჩინა სუნამოები და ოდეკოლონები, ასევე „დევოლტის“ ბურღი და აკუმულატორი. ბურღის გვერდით აღმოჩნდა სპეციალური დამცავი მოწყობილობა, რომელსაც მაღაზიებში ნივთების ქურდობისგან დასაცავად იყენებენ.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადეიშვილი ველი-სკვერის სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიაში შევიდა და 376 დოლარის ღირებულების ნივთები მოიპარა.
პოლიციამ ასევე აღმოაჩინა სხვა მოპარული ნივთებიც, რომელთა ღირებულებაც 2 152,58 დოლარს შეადგენდა.
გიორგი ადეიშვილის წინასწარი სასამართლო სხდომა 2026 წლის 16 მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადდა. პოლიციის ცნობით, ადეიშვილი შემდგომშიც არაერთხელ არ გამოცხადდა სასამართლოში და მის წინააღმდეგ დაკავების რამდენიმე ორდერია გაცემული.
პოლიცია მოქალაქეებს, რომლებსაც გიორგი ადეიშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია აქვთ, სთხოვს, ინფორმაცია შესაბამისი უწყების ონლაინ პლატფორმის საშუალებით მიაწოდონ ან დაუკავშირდნენ უორინგტონის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 215-343-3311.
ბრალდებები ამ ეტაპზე მხოლოდ ბრალდებებს წარმოადგენს და გიორგი ადეიშვილი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა სასამართლოს მიერ არ დამტკიცდება.