ღამის ვიზიტები ტუალეტში შესაძლოა საგანგაშო სიგნალი იყოს - როდის უნდა მიმართოთ ექიმს

უნიტაზი

ღამით ერთხელ გაღვიძება ტუალეტში წასასვლელად ჩვეულებრივი სიტუაციაა, თუმცა განმეორებითმა ღამის ვიზიტებმა შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნოს. ამის შესახებ Fox News-ი წერს.

თუ ადამიანი ღამით შარდვისთვის ორჯერ ან მეტჯერაც იღვიძებს, ეს შესაძლოა მიუთითებდეს მდგომარეობაზე, ნოქტურიაზე, რომელიც ბოლო კვლევის მიხედვით, 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დაახლოებით ნახევარში შეინიშნება და ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო გავრცელებული ხდება.

როგორც გამოცემაში აღინიშნება, შარდის შეუკავებლობის საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეთავაზებული განმარტების თანახმად, ნოქტურიად ითვლება ღამით ტუალეტში ერთჯერადი ვიზიტიც კი, თუმცა მნიშვნელობა აქვს ასევე სიხშირეს, ძილის დარღვევის ხარისხსა და ადამიანისთვის ჩვეული რეჟიმის ცვლილებას.

„თითოეულს აქვს შარდვის სიხშირის თავისი საბაზისო ნორმა, რომელიც სწორედ მისთვისაა ნორმალური. მაგრამ თუ თქვენ 8-საათიანი ძილის განმავლობაში სულ მცირე ორჯერ იღვიძებთ ტუალეტში წასასვლელად, ეს ნოქტურიად ითვლება“,  - ამბობენ უროლოგები. მათი განცხადებით, ნოქტურია მხოლოდ შარდის ბუშტის პრობლემა არ არის.

„ღამის შარდვის ხასიათის ცვლილება ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ამის შესახებ აცნობოთ ექიმს ან ჯანდაცვის სხვა სპეციალისტს, განსაკუთრებით თუ ის უეცრად წარმოიშვა, უფრო გახშირდა ან ადამიანს ძილს უფრთხობს“, - გვირჩევენ სპეციალისტები.

მოუსვენარი ფეხების სინდრომმაც შესაძლოა შეუწყოს ხელი ღამის შარდვას და ის ასაკთან ერთად უფრო გავრცელებული ხდება. კვლევის მონაცემებით, მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სხვა პრობლემებიც, კერძოდ დიაბეტი, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი, პროსტატის ჯირკვლის გადიდება და ორგანიზმში სითხის დაგროვება.

უროლოგის თქმით, ზოგს შესაძლოა ჩვევების მარტივი ცვლილებები დაეხმაროს, კერძოდ, ძილამდე დაახლოებით ორი საათით ადრე სითხის მიღებაზე უარის თქმა.